ყოვლად გაუგებარია პოლონელი ნეიროქირურგის ასეთი ქმედება – გეჯაძე

161
spot_img

ყოვლად გაუგებარია, რა მიზანს ემსახურებოდა პოლონელი ექიმების კომისიის წევრის, ნეიროქირურგის მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელება, – ამის შესახებ სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის “ვექტორი” ხელმძღვანელმა ალექსანდრე გეჯაძემ პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე საუბრისას განაცხადა.

„თუკი ის [ნიმუში] არ არის ოფიციალურად ამოღებული, ის ყოველგვარ მტკიცებულებით ძალას კარგავს და მისი გამოყენება არაფრით შეიძლება. ეს ქმედება განახორციელა პროფესიით ნეიროქირურგმა, ბატონ მიხეილ სააკაშვილს არანაირი ნეიროქირურგიული ჩარევა არ ესაჭიროებოდა. წესით ამ ექსპერტთა კომისიაში უნდა ჩაერთოთ არა ნეიროქირურგი, ვინც ეს მასალის არაოფიციალურად გამოიტანა, არამედ უნდა ჩაერთოთ ნევროლოგი“, – აღნიშნა გეჯაძემ.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 14 ივლისს მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მსჯავრდადებულ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა ქაღალდში გადაახვია და ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა მის მალულად გატანას. პენიტენციურმა სამსახურმა ინციდენტის ამსახველი კადრებიც გაავრცელა.

ამასთან, გუშინ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.

პოლონელ მედიკოსთან დაკავშირებული ინციდენტის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი.