“ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება” – ისრაელის ელჩი გაეროში

83
spot_img

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისრაელის ელჩმა გილად ერდანმა განაცხადა, რომ ყვითელი ვარსკვლავის ტარებას აპირებს მანამ, სანამ ორგანოს წევრები „ჰამასის“ სისასტიკეს არ დაგმობენ.

შეხვედრაზე მისულ ერდანსა და ისრაელის დელეგაციის სხვა წევრებს დავითის ყვითელი ვარსკვლავის სტიკერები ეკეთათ, წარწერით: „აღარასდროს“.

„ამ დღიდან, ყოველ ჯერზე, როცა შემომხედავთ, გაიხსენებთ, რას ნიშნავს ბოროტების წინაშე გაჩუმება. ისევე, როგორც ჩემი მშობლები და მილიონობით ებრაელის ბებია-ბაბუა, მე და ჩემი გუნდი ყვითელ ვარსკვლავებს ვატარებთ. ჩვენ ვატარებთ ამ ვარსკვლავს მანამ, სანამ არ დაგმობთ „ჰამასის“ სისასტიკეს და არ მოითხოვთ ჩვენი მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“, – აღნიშნა ელჩმა.

ინფორმაციისთვის, ნაცისტური გერმანიის პერიოდში ებრაელებს აიძულებდნენ, რომ დავითის ყვითელი ვარსკვლავი ეტარებინათ. დღეს ვარსკვლავის გაკეთება ჰოლოკოსტის შეხსენებასთან ასოცირდება.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.