ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს

56
spot_img

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვისა და გასაღების ფაქტზე საქართველოს ოთხი მოქალაქე ნ.გ, ბ.ბ, ზ.ს და ლ.ბ დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართულმა პირებმა 2023 წლის მარტსა და აპრილში 3 050 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს 6 100 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ გასაღებული ყალბი აშშ დოლარის კუპიურები არის მაღალი ხარისხის, მასზე ასახული პორტრეტები და ღირებულების აღმნიშვნელი ციფრობრივი ჩანაწერები შესრულებულია ღრმა მეტალოგრაფიული ბეჭდვის წესით და დამზადებულია სტამბურად.

გამოძიება მიმდინარეობს ჯგუფურად ყალბი ვალუტის შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.