„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის ლიდერები, საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა, საგარეო ურთიერთობის მიმართულების მდივანი, ზურაბ ჭიაბერაშვილი და საგარეო ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ირაკლი ქავთარაძე ვაშინგტონში ვიზიტს აგრძელებენ.
„ნაციონალური მოძრაობის“ ცნობით, პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს და სენატორ, კევინ კრამერს შეხვდნენ.
„გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით ამერიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრის დროს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის პრობლემები, რომელიც რუსულ რეჟიმს, ოლიგარქიულ მმართველობას უკავშირდება. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა არის უმნიშვნელოვანესი და ძალიან ბევრი პარტნიორი გვჭირდება, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის გარდა. ვაშინგტონში ჩვენ შევხვდით სენატორ კრამერს. უმნიშვნელოვანესია, საქართველოს მოქალაქეს ესმოდეს, რომ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ, ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საკეთილდღეოდ გავიმარჯვებთ. ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებთ, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრ პარტნიორს შევიძენთ და საბოლოოდ, რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს დავამარცხებთ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა