“ქართული ოცნების” პირობებში კანონის უზენაესობა არ გვექნება – ხატია დეკანოიძე

35
spot_img

სასამართლო და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ყველაზე უფრო მძიმე პრობლემა ამ ქვეყნის – “ქართული ოცნების” პირობებში კანონის უზენაესობა არ გვექნება, – ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, “ევროოპტიმისტების” წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც ევროკავშირის ანგარიშს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, თავისუფალი სასამართლო სისტემა შესაძლებელია იყოს მხოლოდ პროდასავლური კოალიციური ძალის მმართველობის პირობებში.

“მთავარი პრობლემა ამ ანგარიშში ეს არის ადამიანის უფლებები, სასამართლო, კანონის უზენაესობა და მინდა გითხრათ, რომ სასამართლო და პოლიტიკური მართლმსაჯულება არის ყველაზე უფრო მძიმე პრობლემა ამ ქვეყნის. სანამ ამ ქვეყანაში არ იქნება კანონის უზენაესობა, არ მოვლენ კოალიციური პროდასავლური ძალები და სასამართლოში არ გაუქმდება “კლანი”, მანამ არ გვექნება საქართველოში კანონის უზენაესობა. “ქართული ოცნების” პირობებში ეს არ მოხდება. მე არ მგონია, რომ ეს მოხდეს, ასევე, ვიღაც კონკრეტული ადამიანების პირობებში. ეს უნდა გააკეთოს დიდმა პროდასავლურმა კოალიციურმა ძალამ, რომელიც კონტროლდება ერთმანეთის მიერ. სასამართლოს სჭირდება ყოვლისმომცველი რეფორმა, რომელზეც მე სექტემბრიდან გესაუბრებით,” – განაცხადა დეკანოიძემ.

ევროკავშირი მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, რომელიც საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამის კანონებსა და პოლიტიკას მოიცავს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შემდგომი ძალისხმევა საჭიროა სასამართლო რეფორმების, კორუფციასთან ბრძოლის და სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის გაძლიერების სფეროებში.