„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია – ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს – პრემიერი

24
spot_img

დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია – ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი ისევე დაიცავს ქვეყანას რევოლუციისგან, „როგორც ბევრჯერ დაიცვა ბოლო სამი წლის განმავლობაში“.

კობახიძის თქმით, საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და მთავრობა სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შეასრულებს.

„როგორც ბევრჯერ დავიცავით ქვეყანა რევოლუციიდან ბოლო სამი წლის განმავლობაში, ახლაც ასე დავიცავთ. კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“ რა თქმა უნდა, არანაირი რესურსი არ აქვს რევოლუციის. თუ საუბარია მაიდანზე, ეს იანუკოვიჩის უკრაინა არ არის. არც 2003 წლის საქართველოა. აქედან გამომდინარე, დღევანდელ საქართველოსთან ტოლობის ნიშნის დასმა შეუძლებელია. სახელმწიფო თავის ადგილზე დგას, ჩვენი ინსტიტუტები ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. სახელისუფლებო გუნდი ძლიერი და ერთიანია. ასეთ ვითარებაში ვერც ძალადობით და ვერც მსგავსი აქტები რადიკალები ვერანაირ მიზანს ვერ მიაღწევენ. ეს არის გარანტია იმისა, რომ საქართველოში ვერავითარი არეულობა ვერ შედგება და ჩვენ სახელმწიფოებრივ ამოცანებს აუცილებლად შევასრულებთ.

მთავარი ფაქტორი ხალხის მხარდაჭერაა. დღეს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა, დაახლოებით, 60%-ია. ასეთ ვითარებაში პოლიტიკური უმცირესობა რევოლუციას ვერ მოაწყობს. ხალხმა მშვიდობის ფასი იცის და აქედანაა განპირობებული ის რეკორდული მხარდაჭერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან მოყოლებული აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.