„ქართული ოცნება“ შეძლებს, დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს ამ ე.წ. ოპოზიციას”- ქართველიშვილი

103
spot_img

„გორბის“ მიერ პარტიული რეიტინგების კვლევის შედეგები შეაჯამა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა და განაცხადა, რომ ხელისუფლების მაღალი რეიტინგი ლოგიკურია და ასახავს იმ სამუშაოებს, რაც მან ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩაატარა. როგორც ქართველიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ კვლევა ჩატარდა 8 ნოემბრის გადაწყვეტილებამდე სტატუსთან დაკავშირებით, სავსებით ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ გამოკითხვის დღეს ჩატარების შემთხვევაში, 55% შეიძლება 65%-ად ქცეულიყო.

„ეს ლოგიკურიც არის იმიტომ, რომ ბოლო სამ წელიწადში, 10 წელიწადს არ შევეხოთ დროებით, ბოლო სამ წელიწადში რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, რა გააკეთა ხელისუფლებამ და რა გააკეთა ე.წ. ოპოზიციამ. ოპოზიციის ძირითადი ფსონი იყო არა კონკურენტუნარიანი პოლიტიკური ჭიდილი მმართველ პარტიასთან, არამედ დესტრუქციაზე გათვლილი ნაბიჯები. დესტრუქციის მრავალ სახეობაზე კეთდებოდა გათვლა – იქნებოდა ეს პარალელური პარლამენტი, ტექნიკური მთავრობა, მაიდანის მოწყობა, თუ გრძელვადიანი ან მოკლევადიანი რევოლუციური სცენარი მოვლენების განვითარების. არაფერმა, რაშიც 3 წელი ნერვები, ფული, ძალისხმევა ჩადეს, არ იმუშავა.

ამ დროს რა გააკეთა საქართველომ – ეკონომიკის მზარდი მონაცემები დაუტოვა ქვეყანას, პოსტპანდემიური პერიოდის შემდეგ განსაკუთრებით, უამრავი საერთაშორისო ინდიკაციის მიხედვით და მსოფლიო ბანკის რეიტინგებით დაწინაურდა მთელ რიგ პარამეტრებში, შეინარჩუნა სტაბილურობა და კბილებით ინარჩუნებს მშვიდობას და შეინარჩუნებს მომავალშიც და ის, რასაც არავინ მოელოდა ამ მოქმედი ხელისუფლების მხრიდან – მივდივართ 15 დეკემბრის შედეგისკენ. დიდი ალბათობით კი არა, 100 პროცენტით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება, ანუ ის შარშანდელი უსამართლობა იქნება დაძლეული. ვის პირობებში – მოქმედი ხელისუფლების პირობებში“, – განაცხადა ქართველიშვილმა.

როგორც ის ამბობს, გასაგებია, რომ საუბარი ამ გამოკითხვაში მიდის წინასაარჩევნო სამზადისზე, არა რევოლუციაზე, არა დესტრუქციაზე, არა მაიდანზე.

„კითხვა ჩამოყალიბებული იყო მკაფიოდ – დღეს რომ ჩატარებულიყო არჩევნები ვის დაუჭერდით მხარს? და აი, არის ხელისუფლება, „ქართული ოცნება“, რომელმაც გააკეთა ეს და 2030 წლამდე გაწერილი აქვს ქვეყნის პოლიტიკური, სამხედრო ეკონომიკური განვითარების გეგმა და არიან ესენი (ოპოზიცია როგორ დავარქვა, არიან „ესენი“) , რომლებსაც ბოლო სამი წლის განმავლობაში არც ერთი პროგრამული გამონათება არ ჰქონიათ. ადრე 2018, 2019, 2020 წლამდე კიდევ ჰქონდათ რაღაც გეგმები, მაგალითად „მარშალის გეგმა“ და რაღაც მსგავსი სისულელეები, მაგრამ ბოლო სამ წელიწადში ამასაც თავი დაანებეს და იმიტომაც დავიდნენ 4, 3, 2 და 1-პროცენტიან ნიშნულამდე, რაც მათ არ მისცემთ პარლამენტში მოხვედრის საშუალებას მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გაკოტრებული წიაღიდან რამდენიმე ადამიანმა მოიპოვოს პრივილეგიები – პარლამენტის დეპუტატის მანდატი, თავისი იმუნიტეტით დესტრუქცია გადმოიტანოს პარლამენტის კედლებში და რომელიმე კონსტრუქციულ პროცესში მონაწილეობით დაამახსოვრებინოს თავი საკუთარ ამომრჩეველს.

კიდევ ერთხელ ვამბობ, მეცოტავება კიდეც მმართველი გუნდის ციფრები იმიტომ, რომ ღმერთმა ქნას და მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ ჩვენ კიდევ ერთი წლის განმავლობაში და 55 % იქნება ის მინიმალური ნიშნული, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ შესაძლებლობა ექნება დამანგრეველი დარტყმა მიაყენოს ამ ე.წ. ოპოზიციურ ძალებს“, – განაცხადა ქართველიშვილმა.