„ქართული ოცნება“ საქართველოში უნდა დავამთავროთ”- მამუკა ხაზარაძე

8
spot_img

13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლო, საქართველო დავიბრუნოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ – ახალი, ძლიერი საქართველოს მშენებლობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ზუგდიდში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბედი ბედი თითოეული მოქალაქის ხელშია.

„სამეგრელო, ზუგდიდი არის არაჩვეულებრივი ქალაქი. არაჩვეულებრივი ტრადიციებით, ხალხით და რაც ყველაზე მთავარია, ეს ქალაქი პოლიტიკური სამართლიანობით გამოირჩევა. მინდა, რომ აი, ახლა, ამ მომენტში ყველამ ერთად წარმოვიდგინოთ, რომ 13 დღეში გვაქვს უზარმაზარი შანსი გამარჯვების და ეს შანსი აუცილებლად ჩვენს ხელშია, რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენი სამშობლო, საქართველო დავიბრუნოთ და ახალი ცხოვრება დავიწყოთ, ახალი ძლიერი საქართველოს მშენებლობა. სამშობლოს ბედი თითოეული თქვენგანის ხელშია. ბოლო 13 დღე სრული მობილიზაცია უნდა იყოს იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა დავიხსნათ იმ მარწუხებისაგან, მთავრობისაგან, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანას მმართავს.

მინდა „ქართული ოცნების“ სამი ფაქტორი გამოვყო. პირველი ფაქტორი არის ის, რომ ისინი მთელი 12 წლის განმავლობაში ქვეყანას ტყუილში აცხოვრებენ. მგონია, რომ ზედმეტია იმის კიდევ შეხსენება და გამეორება, თუ რამდენი ტყუილი ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში დაარიგა და მსგავსი არაფერი არ შესრულებულა. კერძოდ, 100 ქარხანა, უფასო ფული, 5 მილიონი ყოველ სოფელს, გავაკვირვებთ ევროპას დემოკრატიით ა.შ. და შედეგად რა გვაქვს? – შედეგად გვაქვს ის, რომ დღეს მათი არცერთი დაპირება არ შესრულებულა.

2023 წელს 117 ათასი 30 წლამდე ახალგაზრდა არის წასული ქვეყნიდან. ეს არის საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემი. ეს მონაცემი 2022 წელთან შედარებით გაზრდილია 70%-ით. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მსხდომები და ვინც გვიყურებს, იმათი ოჯახებიდანაც ძალიან ბევრი ახალგაზრდაა წასული. ეს ვისი ბრალია? ვისი ბრალია ფასების კატასტროფული ზრდა, რომ საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა გახდა, მომხმარებელი ქვეყანა გახდა და ევროპის ქვეყნებს უტოლდება ფასებით, მაგრამ წარმოება არ არის, ექსპორტი არ არის, სამუშაო ადგილები არ არის, ხელფასები არ არის. ვისი ბრალია? – აი, ამ მოღალატეობრივი და ცრუ მატარებელი მთავრობის ბრალია.

რაც შეეხება მეორე ფაქტორს, რითაც „ქართული ოცნება“ გამოირჩევა, 2020 წელს ანაკლიაში ჩვენ პირველი გემი უნდა მიგვეღო, რომელიც შეცვლიდა არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელი საქართველო ცხოვრებას. ჩვენ გავხდებოდით ფუნქციის მატარებელი, გავხდებოდით ტვირთის გამანაწილებელი და ჩვენ მთელ რეგიონში სერიოზული მოთამაშე გავხდებოდით. რეალურად რა მივიღეთ? – 5 წელი გავიდა და თითი-თითზე არ არის დაკარებული.

მესამე ფაქტორი, რითაც ისინი გამოირჩევიან, ეს არის კორუფციის ძალიან მაღალი დონე. ჩვენგან 100 მეტრში არის ზუგდიდის სტადიონი, რომლისთვისაც 30 მილიონი გამოიყო, ამას მერე 16 მილიონი დაამატეს, რომ ეს პირველი შეჭმული ფული მერე 16 მილიონით გადაეფარათ. ზუგდიდში სტადიონი გვაქვს? – არა, არ გვაქვს. ეს ყველაფერი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ეს ხალხი მოსულია იმისთვის, რომ თქვენი გადასახადები და ბიუჯეტი, რომელსაც თქვენი შრომით ავსებთ, ჯიბეში ჩაიდონ. ეს არის მათი სახე. კერძოდ, ტყუილი დაპირებები, გაჩერებული პროექტები და კორუფცია. ამიტომ 13 დღეში თითოეული ჩვენგანის ვალია და განსაკუთრებით, ამაში სამეგრელომ ავანგარდის როლი უნდა ითამაშოს იმიტომ, რომ თქვენ ყოველთვის წინ იყავით და ტემპერამენტით გამოირჩეოდით და ყოველთვის იცოდით სად იყო სწორი სვლა, 13 დღეში „ქართული ოცნება“ საქართველოში უნდა დავამთავროთ“, – განაცხადა ხაზარაძემ.