„ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! – პაატა მანჯგალაძე

18
spot_img

„ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი! – კიდევ რამდენი მტკიცებულება უნდა მოვიტანოთ იმის დასტურად, რომ ხელისუფლებაში არიან რუსები! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა.

მანჯგალაძის თქმით, “საქართველოს პარლამენტში ყურმოჭრილი მონა უმრავლესობის არსებობის პირობებში, რუსული კანონის არმიღების არანაირი საშუალება არ არსებობს, მაგრამ ქუჩაში პროტესტი უნდა გაგრძელდეს მანამ, ვიდრე ივანიშვილი ხელისუფლებას არ ჩამოშორდება“.

მანჯგალაძე იმასაც ამბობს, რომ “ქართული ოცნება“ კონსტიტუციის ჩარჩოდან გავიდა და ის, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს ყოველდღიურად არბევენ, ლეგიტიმაციის მხრივ არსებული პრობლემის გამოხატულებაა.

“ერთი თვეა აქციები მიდის. ქართველი ხალხის ნების დაფიქსირების და საერთაშორისო მეგობრების პროტესტის მიუხედავად, “ქართული ოცნება” გავეშებით, გაშმაგებით ამტკიცებს: ჩვენ ვართ რუსები – რუსულად ვიქცევით, რუსული კანონი მოგვწონს, გვინდა რუსეთი.

ყველაფერი ლუსტრირებულია! გამოსავალია პროტესტი – ჩვენ საქართველოს რუსეთს და რუსეთის მარიონეტებს ვერ ჩავაბარებთ. ხალხი გამოსულია ქუჩაში და ჩვენ ხალხთან ერთად ვიქნებით. რასაც საქართველოს მოქალაქეები დაგვიკვეთავენ, იმას გავაკეთებთ.

ერთი რაც ვიცით, არის პროტესტი, პროტესტი, პროტესტი!“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.