ქართული კომერციული ავიაციაა 100 წლისაა

98
spot_img

100 წლის წინ, 1923 წელს  საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი შესრულდა. თვითმფრინავმა Junkers F13-მა  რეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით მხოლოდ ერთი მგზავრით შეასრულა, რომელსაც მეთაური შპილი და ბორტტექნიკოსი საღარაძე მართავდნენ.

Junkers F 13 ავიაციის ისტორიაში პირველი თვითმფრინავია, რომელიც თავდაპირველად დაპროექტებული იყო როგორც სამგზავრო, და მსგავსი დანიშნულების პირველი მანქანა, რომელსაც მთლიანად ლითონის კონსტრუქცია ჰქონდა. 1924 წლიდან კი, დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო, იმ ქვეყნებს შორის, რომელმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში თავისი საგრძნობი წვლილი შეიტანა და ეს სფერო დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და წამყვან სფეროდ რჩება ჩვენს ქვეყანაში.

პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურიაა. 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და  საბურთალოს მთებიდან საცდელ ფრენებს ატარებდა. პარიზის საფრენოსნო სკოლაში ჩაბარების შემდეგ ბესარიონ ქებურია გახდა პირველი ლიცენზირებული მფრინავი საქართველოში.

ბესარიონ ქებურიას ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმში, ბათუმში, დაიგეგმა საჰაერო ტრასები ბაქო-თბილისი-სოხუმი-სოჭი-მოსკოვი, ბაქო-თბილისი-ქუთაისი-სოხუმი.

აშშ-ს ავიაციის თვალსაჩინო მოღვაწეა ქართველი ავიაკონსტრუქტორი ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი). ქართველიშვილმა რამდენიმე თვითმფრინავი შექმნა,  მეორე მსოფლიო ომის დროს კი თვითმფრინავი Republic P-47, რომელიც ომის ბოლო წლებში შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ერთ-ერთ მთავარ თვითმფრინავს წარმოადგენდა. ავიამშენებლობის და აერონავტიკის დარგში დიდი დამსახურებისთვის ქართველ ინჟინერს მიღებული ჰქონდა აშშ-ის მეცნიერების ეროვნული მედალი.

ქართული ავიაციის განვითარებაში მამაკაცების გვერდით, აქტიურად მონაწილეობდნენ და ჩართული იყვნენ ქალებიც. პირველ ქართველ მფრინავ ქალებზე ბევრი ისტორიული ცნობა არ მოგვეპოვება, თუმცა დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი მფრინავი ქალები იყვნენ ნინო ხუბულავა და რუსუდან ჟორდანია სამეგრელოდან და ფადიკო გოგიტიძე აჭარიდან.

ქართული კომერციული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 20-21 მაისს, დედა ენის პარკში ორდღიან ღონისძიებას გამართავს. ღონისძიებაზე მოწვეულები იქნებიან ვეტერანი ავიატორები და ბესარიონ ქებურიას შთამომავალი. ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს ბევრი სიურპრიზები ელოდება.

წარმოდგენილი იქნება: საინფორმაციო სტენდი ავიაციის მთავარი ფიგურანტებით, ფოტო-სტენდი, სადაც ,,გავაცოცხლებთ“ ქართველ და იტალიელ მფრინავებს „ანსალდოს“ თვითმფრინავის ფონზე, გვექნება პეტრე ოცხელის ნამუშევრების საგამოფენო სტენდი, ასევე, საბავშვო აქტივობები და ვორქშოფები, სადაც ბავშვები დაამზადებენ თვითმფრინავებს, გვეყოლება ანიმატორები და აშ. ასევე, იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქარი ბავშვებისთვის.