„ქართულ ოცნებაში“ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ – ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა”- თამარ კორძაია

10
spot_img

არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, – ასე შეაფასა “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებები.

კორძაიას განცხადებით, ხელისუფლებას დასავლელი პარტნიორების მოსაზრებები არ აინტერესებს, რაც დემოკრატიული გზა არ არის.

„არ მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ „ქართული ოცნება“ დასავლეთიდან ვინმეს უსმენს, ეს დაადასტურა კიდეც გუშინ შალვა პაპუაშვილმა თავისი კომენტარებით გერმანელ კოლეგებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მათ დასავლეთის მოსაზრებები არ აინტერესებთ. ეს არ არის დემოკრატიული გზა, ეს არის ტოტალიტარიზმისკენ მიმავალი ცალსახა გზა“,- განაცხადა კორძაიამ.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, რა გზას ირჩევენ, უნდათ კეთილდღეობით ევროპაში ყოფნა თუ სიღატაკით იზოლაციაში.

„მიგვაჩნია, რომ ოპოზიციის გზა მიდის კეთილდღეობით ევროპაში და ქართული ოცნების“ გზა მიდის იზოლაციასა და სიღატაკისკენ“,-განაცხადა კორძაიამ.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების გაუქმებაზე განცხადება არ ჟღერს დემოკრატიულად.

„ეს გამამჟღავნებელი კომენტარი იყო და მიუთითებს, რომ ეს არაა მთავრობა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა“, – აცხადებს ჯეიმს ო’ბრაიენი.