“ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება განაცხადი ბრიუსელში ვიზიტზე” – პრემიერი

84
spot_img

ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი – ტექნიკური საკითხია, რომელსაც ადმინისტრაციები წყვეტენ ერთმანეთთან და ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზული და უადგილოა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომ სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა მთავრობას ამ დრომდე არ გაუცია.

როგორც პრემიერი განმარტავს, მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან აღნიშნული განცხადების გაკეთება „ყურადღების გადატანის მცდელობაა“.

„ძალიან უხერხულია ამ თემებზე საუბარი. ტექნიკური საკითხია, რომელსაც წყვეტენ ადმინისტრაციები ერთმანეთთან. ამის საჯაროდ გამოტანა არასერიოზული და უადგილოა. არ იმსახურებს ამხელა ყურადღებას. ქალბატონ სალომეს, რა თქმა უნდა, დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი, რომელიც შემოიტანა. თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მანამდე დაგეგმილი ვიზიტი, ელოდებოდნენ, არ წავიდა და ჩვენ დაგვაბრალა. ამის თაობაზე გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ თანხმობა გაცემული გვქონდა. ეს ყურადღების გადატანის მცდელობაა. არაფერი ხდება საერთოდ. ჩვენ ვმუშაობთ და მთავარი არის ის ძირითადი საქმეები, რასაც ვახორციელებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს გეგმავს, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობისგან თანხმობას ელოდება.

„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.

27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.