“ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერს მიმართავს, პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას წარმოადგინოს კონკრეტული ინფორმაცია რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და ფრენების აღდგენის შესახებ.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საზოგადოებამ იმ ადამიანების სახელი და გვარი უნდა იცოდეს, ვინც ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოღალატეობრივად მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
“ვლადიმირ პუტინმა “რუსული ოცნება” ტყუილში ამხილა, როცა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და ფრენების აღდგენას საქართველოს ხელისუფლება ითხოვდა.
თავად საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას არწმუნებდა, რომ მტერთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობდა. პუტინმა დაადასტურა, რომ დიახ, მტერთან ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მისი გადაწყვეტილება საპასუხო გადაწყვეტილება იყო, რომელიც პირადად მან მიიღო.
ამ ვითარებაში კითხვები საკმაოდ მწვავეა, თუ კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან? იყო ერთი პიროვნება თუ პირთა წრე? საზოგადოებამ იმ ადამიანების სახელი და გვარი უნდა იცოდეს, ვინც ოკუპანტ სახელმწიფოსთან მოღალატეობრივად მოლაპარაკებებს აწარმოებდა! რა მიიღო სანაცვლოდ რუსეთმა და რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ? რა იყო სხვა საკითხები, რომელიც აღნიშნულ ფარულ მოლაპარაკებებზე განიხილებოდა? – მაგალითად, განიხილებოდა თუ არა აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა ან საზღვაო მიმოსვლის აღდგენა, რაც ვიცით, რომ ასევე ხორციელდება საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან ერთად. ეს არის ყველაზე მწვავე კითხვები, რომელიც ახლა დგას დღის წესრიგში და საქართველოს პრემიერ-მინსიტრი, რომელიც ფორმალურად ასრულებს ამ მოვალოებას, ვალდებულია მოვიდეს პარლამენტში და საზოგადოებას გასცეს კითხვებზე პასუხები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ამის ვალდებულება გააჩნია კანონით, რომ პირველ ივნისამდე მოვიდეს პარლამენტში და წარადგინოს ყოველწლიური ანგარიში, ” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.