„პუტინისათვის ოქტომბრის თვე იღბლიანი გამოდგა“ – The Washington Post

114
spot_img

ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) აქვეყნებს სტატიას სათაურით „პუტინისათვის ოქტომბრის თვე იღბლიანი გამოდგა“ (ავტორი – ლი ჰოკსთეიდერი, პოლიტიკური მიმომხილველი). უკრაინის კონტრშეტევა ფაქტობრივად წარუმატებელი აღმოჩნდა. სლოვაკეთის ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოვიდნენ, ხოლო ახლო აღმოსავლეთში დაწყებულმა ომის გამო აშშ-ის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადაერთო. ეს ყველაფერი წყალს პუტინის წისქვილზე ასხამს, – აღნიშნულია სტატიაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ვლადიმერ პუტინისათვის ერთ-ერთი ყველაზე აშკარად დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ მას მტაცებლური ალღო აქვს, რაც თავისი მტრების სუსტი მხარეების მიგნებაში ეხმარება. იგი მუდმივად აკვირდება მოწინააღმდეგეს და ყურადღების გარეშე არ ტოვებს. მისთვის ოქტომბერში ბევრი რამ მოხდა საყურადღებო.

შემოდგომის შუა თვე რუსეთის პრეზიდენტისათვის, ალბათ, საუკეთესო პერიოდია მას შემდეგ, რაც წელიწადნახევრის წინ მან უკრაინასთან ომი (ე.წ. „სპეცოპერაცია“) დაიწყო. თუ ჩვენ მწკრივში დავალაგებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მომხდარ ცალკეულ მოვლენებს, გარკვეულ ტენდენციას დავინახავთ: კიევს დღეს წაგების აშკარად უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე ადრე ჰქონდა. რა თქმა უნდა, მოვლენების განვითარების ასეთი სცენარი უდიდეს რისკებს შეიცავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც, რომ არაფერი ვთქვათ თვით უკრაინის მილიონობით მოსახლეობაზე. ამიტომაც დასავლეთმა ამ გარემოებაზე აუცილებლად უნდა გაამახვილოს ყურადღება.

პირველ ოქტომბერს, როცა მოსკოვის დროით საათის ისრები შუაღამის 12-ს გადასცილდა, აშშ-ის კონგრესმა ხმა მისცა „შატდაუნის ბიუჯეტს“, რომ ქვეყნის მთავრობას მუშაობა გაეგრძელებინა, მაგრამ ამ ბიუჯეტში უკრაინისადმი დახმარება არ გათვალისწინებულა – შესაბამისი პუნქტი (6 მილიარდი დოლარის ოდენობით) ამოიშალა. ეს მოვლენა იმის მანიშნებელი იყო, რომ წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელ წევრებს შორის კიევისადმი დახმარების სურვილი შესუსტდა. ჰორიზონტზე საკმაოდ არასასიამოვნო მოვლენების აჩრდილი გამოჩნდა, რაც უკრაინას წინ ელოდებოდა.

ბიუჯეტის მიღებამდე ერთი დღით ადრე კი ვლადიმერ პუტინმა სასიამოვნო ამბავი გაიგო ბრატისლავიდან – სლოვაკეთის საპარლამენტო არჩევნებში პრორუსულად განწყობილმა პოპულისტმა პოლიტიკოსმა რობერტ ფიცომ გაიმარჯვა, რომელიც მოგვიანებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. რობერტ ფიცომ ღიად განაცხადა, რომ იგი წინააღმდეგია უკრაინისათვის სამხედრო და ეკონომიკური დახმარების გაწევისა და ამ მიმართულებით ევროკავშირის გადაწყვეტილებებს ყოველთვის დაბლოკავს. სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, კარგი პარტნიორი იქნება ევროკავშირის რიგებში მყოფი კიდევ ერთი პოპულისტი ლიდერისათვის, თავისი კოლეგა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანისათვის. მათ, ტანდემში, შეუძლიათ ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიონ კიევისათთვის დახმარების გაწევის პროგრამებისა და პაკეტების რეალიზებას.

რობერტ ფიცოს გამარჯვებიდან ერთი კვირის შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ტრაგედია დატრიალდა – „ჰამასელებმა“ ათასხუთასამდე ებრაელი დახოცეს და ამით მთელი მსოფლიოს და, ცხადია, აშშ-ის ყურადღება უკრაინიდან ისრაელზე გადაიტანეს. მკაცრმა შურისძიებამ, რასაც ახლა ისრაელი ღაზას სექტორის მიმართ ახორციელებს, ის შედეგი მოიტანა, რომ დღეს ვლადიმერ პუტინს ხელში ძლიერი და დამარწმუნებელი არგუმენტი უჭირავს, რომელიც კრემლს შეუძლია დასავლეთის წინააღმდეგ გამოიყენოს გლობალური სამხრეთის ქვეყნებში. ეს არგუმენტი ასეთნაირად ჟღერს: რატომ აღშფოთდა დასავლეთი მაშინ, როცა რუსეთმა თავისი „სპეცოპერაცია“ დაიწყო უკრაინაში, მაგრამ ახლა გულგრილობას იჩენს, როცა ისრაელი ღაზას სექტორს ბომბავს?

ამ მოვლენების ფონზე უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა, რომელიც თითქმის ნახევარი წლის წინ, ივნისში დაიწყო, საბოლოოდ შეფერხდა მას შემდეგ, როცა რუსეთის არმიის გამაგრებული ზღუდეები ვერ გადალახა. ამას ემატება შემოდგომის ცუდი ამინდები (უგზოობა) და ჯარში ახალწვეულების ნაკლებობა. გარდა ამისა, რუსები უკრაინის ქალაქების დაბომბვებს წარმატებით აგრძელებენ. კრემლი მსოფლიოს ახსენებს: მოსკოვი ძველებურად მზად არის ისარგებლოს თავისი უსაზღვრო ადამიანური და ეკონომიკური რესურსებით, დასახული მიზნების მისაღწევად.

ფრონტის ხაზზე ამჟამად შექმნილი პატური სიტუაცია კარგად ჯდება ვლადიმერ პუტინის სტრატეგიაში – გამოფიტოს უკრაინა და ომს დასავლეთზე მეტხანს გაუძლოს.

ვლადიმერ პუტინისათვის კიდევ ერთი სასიამოვნო მოვლენა გახდა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონის არჩევა, რომელიც უკრაინისათვის დახმარების გაწევის წინააღმდეგია. ახლახან პალატამ მართლაც დაბლოკა ჯო ბაიდენის მცდელობა ერთ პაკეტად განხილულიყო უკრაინისა და ისრაელის დახმარების კანონპროექტი, ანუ კიევისათვის ფულისა და იარაღის მიცემის საკითხი ღია რჩება. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს მიმართა და პირდაპირ აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარების გაწევის გარეშე უკრაინა ომში დამარცხდება.

ვლადიმერ პუტინისათვის ოქტომბრის თვის ფინალური საჩუქარი აღმოჩნდა საფრანგეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვით, სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს მარი ლეპენი – ულტრამემარჯვენე ნაციონალისტი პოლიტიკოსი. მართალია, მან თითქოსდა დაგმო რუსეთის არმიის შეჭრა უკრაინაში, მაგრამ რეალურად უკრაინის დახმარების წინააღმდეგია. სხვათა შორის, მარი ლეპენის პარტია წლების განმავლობაში სარგებლობდა რუსულ ბანკში აღებული მრავალმილიონიანი კრედიტით, რომელიც მხოლოდ ახლახან დაფარა.

ვლადიმერ პუტინი კარგად ხედავს დასავლეთის ყოყმანს და მის გაღრმავებას ხელს უწყობს. ისტორია გვაჩვენებს, რომ იგი დაუღალავად ცდილობს წინ იაროს თავისი მიზნის – რუსეთის იმპერიის აღორძინების – განსახორციელებლად.

ათი წლის წინ ვლადიმერ პუტინმა ერთ მოვლენას მიაქცია ყურადღება: აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საკითხი „წითელი ხაზით“ მონიშნა და აღნიშნა, რომ დამრღვევი მკაცრად დაისჯებოდა, მაგრამ როცა სირიელმა ლიდერმა ბაშარ ასადმა ბარაკ ობამას გაფრთხილება დაარღვია და „წითელ ხაზს“ გადააბიჯა – ქიმიური იარაღი გამოიყენა, თეთრ სახლს არავითარი ქმედითი რეაგირება არ მოუხდენია. ექვსი თვის შემდეგ პუტინმა თავისი ჯარებით ყირიმი გააკონტროლა და მალე ნახევარკუნძული რუსეთის ნაწილი გახდა.

კრემლი ყურადღებით ადევნებდა თვალს, თუ როგორ გამოიყვანა ჯო ბაიდენმა 2021 წელს ამერიკის ჯარები ავღანეთიდან, რასაც ნამდვილი ქაოსი მოჰყვა. ექვსი თვის შემდეგ კი ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი დაიწყო.

რასაკვირველია, ოქტომბერში კრემლისათვის არასასიამოვნო ამბებიც მოხდა: პოლონეთში მემარჯვენე მთავრობა, რომელსაც ბრიუსელთან და უკრაინასთან პრობლემები ჰქონდა (და, შესაბამისად, კიევის მიმართ ვარშავის მხარდაჭერა შესუსტებული იყო), არჩევნებში დამარცხდა. ახალი მთავრობა, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლონელი ლიბერალები ჩამოაყალიბებენ, კიევს შეურიგდება და ევროკავშირის პოლიტიკას უკრაინის მიმართ მხარს დაუჭერს.

დასავლეთის დიდი ნაწილი ძველებურად იწონებს ვოლოდიმირ ზელენსკის ძალისხმევას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, რაც, ბუნებრივია, ვლადიმერ პუტინისათვის მიუღებელია.

მაგრამ რუსეთის ლიდერი გრძელვადიან თამაშს ეწევა და ცდილობს მცირე ბზარებიც კი იპოვოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთიანობაში. და ყველაზე დიდი ბზარი, ალბათ, ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის სავარაუდო გამარჯვების შემდეგ გაჩნდება, რომელიც არასოდეს არ ყოფილა უკრაინის მეგობარი. თუ მართლაც ასე მოხდება, ვლადიმერ პუტინისათვის ეს საბოლოო გამარჯვების ტოლფასი იქნება.

წყარო