პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს, რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ – გიგა ბოკერია

19
spot_img

დიდი ალბათობით, რეჟიმი ამაზრზენად მოქცევას გააგრძელებს ან კიდევ უფრო ამაზრზენად მოიქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ შეშინებულები არიან, მეტიც, ასეთი სუსტები არასდროს ყოფილან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ  განაცხადა, რითაც ეხმაურება აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას.

მისი თქმით, სწორედ იმის გამო, რომ ხელისუფლებას ეშინია, პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს.

“ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ნაბიჭვრულ თავდასხმებს პოლიტიკურ ოპონენტებსა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებზე თანაც ისე, რომ თავდამსხმელთა იდენტიფიცირება ძალიან მარტივია.

ჯერ ცოტნე კობერიძეს დაესხნენ თავს, შემდეგ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, დღეს კი “სირცხვილიას” ზუკა ბერძენიშვილს, თან ეს უკანასკნელი თავდასხმა პირდაპირ მოყვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (რეალურად კი პოლიტიკური არარაობაა, თუმცა ფორმალურად მაღალი თანამდებობა უკავია) პაპუაშვილის მიერ მის სამიზნედ გამოცხადებას – ეს, რა თქმა უნდა, ნაბიჭვრობისა და უტიფრობის შემდგომი საფეხურია.

დიდი ალბათობით, რეჟიმი ასე ამაზრზენად მოქცევას გააგრძელებს ან კიდევ უფრო ამაზრზენად მოიქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ იმის დასტურია, რომ ისინი შეშინებულები არიან, მეტიც, ასეთი სუსტები არასდროს ყოფილან.

სწორედ იმის გამო, რომ ასე ეშინიათ, პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს. რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ.

ეს ატმოსფერო არჩევნების დღემდე უნდა შევინარჩუნოთ და 26 ოქტომბერს, მთელ ქვეყანაში (მათ შორის საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ) ის ატმოსფერო უნდა იყოს, რაც უზარმაზარი საპროტესტო აქციების დროს ვიხილეთ.

პარალელურად კი, პირველ რიგში, პოლიტიკურმა ჯგუფებმა და ამავე დროს მოქალაქეებმა ერთმანეთი უნდა „ვიპოვოთ“, უნდა შევძლოთ საპროტესტო მუხტის პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში გარდაქმნა” , – აცხადებს ბოკერია.