პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

30
spot_img

საქართველოს პროკურატურამ ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გასაღების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

საგამოძიებო უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022-2024 წლებში, ბრალდებულები დანაშაულში ჩართულ სხვა პირებთან ერთად, ევროპული სახელმწიფოების ყალბ ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებდნენ და საქართველოში, მოქალაქეებზე ასაღებდნენ.

„ათეულობით ყალბი დოკუმენტის, ავტომობილის მართვის მოწმობის, ბინადრობის და მუშაობის უფლების დამადასტურებელი მოწმობის დამზადების და გასაღების გზით, დანაშაულებრივ სქემაში მონაწილე პირებმა დაახლოებით 141 000 ევრო და 36 000 აშშ დოლარი მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს.

მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების მიზნით, ბრალდებულებმა ქალაქ თბილისში უძრავი ქონება, კერძოდ საცხოვრებელი ბინა შეიძინეს და სხვა პირის სახელზე დაარეგისტრირეს. დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გასაღება) და 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებებში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის მიზნით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.