“პრეზიდენტს ყოველ მიზეზს გარეშე ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეეწყვიტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა”-ირაკლი მელაშვილი

285
spot_img

“პრეზიდენტს ყოველ მიზეზს გარეშე ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეეწყვიტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ასეთია კანონის მოთხოვნა”- ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ირაკლი მელაშვილი  პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, სადაც ნათქვამია – “სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა”.

“საქართველოს პრეზიდენტმა ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით სამართლებრივად მცდარი გადაწყვეტილება მიიღო. მან კანონი დაარღვია, რადგანაც ბატონმა ფარცხალაძემ, ისე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, რომ “საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” ორგანული კანონის 21 პრიმა მუხლის შესაბამისად, მას ამაზე საქართველოს მთავრობის თანხმობა არ მიუღია.

ფარცხალაძემ არც კი ჩათვალა საჭიროდ დაეცვა ქვეყნის კანონი და ამ თხოვნით მიემართა მთავრობისათვის! აფერუმ ყოფილ გენერალურ პროკურორს! ასე უნდა სცემდე პატივს იმ ქვეყნის კანონებს, რომლის მთავარი დამცველის პოსტი გეკავა! ასე უნდა დაამტკიცო, რომ ამ თანამდებობის ღირსი იყავი! შესაბამისად, პრეზიდენტს ყოველ მიზეზს გარეშე ფარცხალაძისთვის ავტომატურად უნდა შეეწყვიტა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. ასეთია კანონის მოთხოვნა.

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც ძალიან ცუდი პრეცედენტია. თუ ვინმეს არ ახსოვს, შევახსენებ, რომ ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს მოქალაქეობა შეუწყდა სწორედ იმ მოტივით, როცა მან საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. თავის დროზე მისი და ნაცმოს მხრიდან ამ საკითხის გაპროტესტება, ჩემთვის მათი მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს კანონმდებლობის უპატივცემულობის გამოხატვა იყო და აღნიშნული საქციელი სამარცხვინოდ მიმაჩნდა. ჩემი აზრით, ახლაც ზუსტად იგივესთან გვაქვს საქმე.

ამჯერად მოქმედმა პრეზიდენტმა დაგვანახა, რომ ძალიან შორს ვართ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებიდან, რადგანაც ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირმა შესაძლებლად ჩათვალა პოლიტიკური მიზანშეწონილების გამო პირდაპირ უგულებელყო კანონის მოთხოვნა და უკანონო, თუმცა, მისი აზრით, პოლიტიკურად სწორი და საჭირო გადაწყვეტილება მიეღო. ძალიან მოლიპული გზაა. თან თუკი სააკაშვილის ქეისს გავიხსენებთ, რომელსაც მარგველაშვილმა კანონის საფუძველზე ჩამოართვა მოქალაქეობა, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით გამოდის, რომ ამ საკითხშიც ვახერხებთ ორმაგი სტანდარტის დამკვიდრებას, რაც ძალიან ცუდი პრეცედენტი შეიძლება აღმოჩნდეს სამომავლოდ.” – წერს ირაკლი მელაშვილი სოციალურ ქსელში.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია:სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ამ ეტაპზე ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა”.