პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია და არ იქნები ჩვენი მორჩილი, დისკომფორტი შეგექმნებაო, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძე განაცხადა.
მანჯგალაძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას, სადაც აღნიშნულია: „ უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს. მზად ვართ, პრეზიდენტს ხალხთან კონფრონტაციის გაღრმავების აცილებაში დავეხმაროთ“.
„მე აღვიქვი, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს ორ რამეს: ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტი – სახელმწიფო მეთაური, ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი – ბუტაფორია, რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებს; მეორე, სულ აფრთხილებდნენ, წითელი ხაზი არ გადაკვეთოო. მათი გაგებით, წითელი ხაზია ის, რომ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს არ დაუპირისპირდეს. სალომე ზურაბიშვილი შეიძლება, საქართველოს დაუპირისპირდეს, „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არის წითელი ხაზი და გულისხმობენ ნიკა გვარამიას საკითხს. გვარამია ბიძინა ივანიშვილის პირადი პატიმარია და ამ პატიმარს თუ გამოუშვებ, ეს იქნება წითელი ხაზი ჩვენთვისო. პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია და არ იქნები ჩვენი მორჩილი, დისკომფორტი შეგექმნებაო, თუ არ დარჩები კომფორტის ზონაში, თუ არ იქნები ბუტაფორია, როგორიც ხარ, შესაბამის ზომებს მივიღებთო“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.