პრეზიდენტმა საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის „ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

26
spot_img

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, დღეს, საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის „ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნომინაციაში – მხატვრული პროზა გიორგი ჯამბურია დაჯილდოვდა, ნომინაციაში – პოეზია გიორგი კახიშვილი, ნომინაციაში- სამეცნიერო ლიტერატურა და ესეისტიკა ნიკოლოზ სარაჯიშვილი და ნომინაციაში პრეზიდენტის რჩეული – მათე სარალიშვილი, რუდოლფ ოტო „წმიდა“- თარგმანი გერმანულიდან.

საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა ახალგაზრდებს, მთარგმნელობითი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატება უსურვა.

,,დღევანდელი დღე ეძღვნება თარგმანებს და თარჯიმნებს. ბედნიერი ვარ, რომ ეს საუკეთესო სტუდენტური თარგმანისათვის ,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ მეორე გამოშვებაა. იმედი მაქვს, რომ უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა დაინტერესდება ამ კონკურსითა და ამ საქმიანობით, რადგან ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია.

ჩვენ, როგორც მცირერიცხოვანი ქვეყანას და როგორც ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ერთ-ერთი უძველესი, ყველა მხრივ გამორჩეული ანბანი აქვს, თუ გვინდა საზღვარგარეთ გავიტანოთ ჩვენი კულტურა და ლიტერატურა, საჭიროა გვყავდეს ძალიან ბევრი და ძალიან მაღალი ხარისხის თარჯიმნები. ისინი ჩვენი შუამავლები არიან გარე სამყაროსთან. სხვანაირად, ჩვენ ჩვენ თავში ვიქნებით ჩაკეტილი.

მსოფლიოში დღეს ყველა შესაძლებლობა გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენი ძალიან ძვირფასი ლიტერატურული შემოქმედება გავიტანოთ გარეთ, თუკი გვექნება თარჯიმნების ინსტრუმენტი და სწორად მომზადებული თარგმანი, რაც ძალიან მძიმე საქმეა.

ყველა, ვინც თარგმანითაა დაკავებული, დამეთანხმება, რომ სხვაგვარი სიამოვნება, როცა შეძელი და სხვა ენაში გადმოეცი სათქმელი, ან პირიქით – შენი საზოგადოებისთვის გადმოიტანე სხვა ქვეყნის ლიტერატურის ღირსშესანიშნავი ნიმუშები. ეს დიდი, ეროვნული საქმეა და ამისთვის მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ.

აქ არიან ახალგაზრდა თარჯიმნები, რომლებიც წელს ,,ელისაბედ ორბელიანის“ სახელობის კონკურში მონაწილეობდნენ, აქ არიან დამსახურებული თარჯიმნები, რათა ვიცოდეთ, დავინახოთ და დავაფასოთ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ საქმეს წარმატებით აკეთებენ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში გაიმართა და ჯილდოები ახალგაზრდებს პრეზიდენტმა პირადად გადასცა.