“პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა” – გურამ მაჭარაშვილი

82
spot_img

პრეზიდენტმა იმდენი თხარა, თხარა, რომ იმპიჩმენტი გამოთხარა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტის მიზანი იყო იმ საგარეო კურსის წინააღმდეგ წასვლა, რომელიც სახელმწიფოს აქვს.

„ეს არის სამწუხარო, რომ მან იმდენი მოახერხა, რომ იმპიჩმენტის დაწყების პროცედურა მიიღო. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მას ჰქონდა შემთხვევები, როცა არღვევდა კონსტიტუციას, მაგრამ ბოლო იყო იმდენად აშკარა, პრაქტიკულად თავზე გადახევა კონსტიტუციის საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ ამაზე რეაგირების არქონა იქნებოდა შეურაცხყოფა თავად კონსტიტუციისთვის. ეს მართალია სამწუხარო რეალობაა, მაგრამ თავიდან ბოლომდე ამ ყველაფერში დამნაშავეა თავად პრეზიდენტი.

ბევრი მტკიცებულება არ დაგვჭირდება გავიგოთ, რისთვის მიდიოდა პრეზიდენტი ევროპაში, მათ შორის, არაევროპულ ქვეყნებში. ის თანახმა იყო შარშან, როცა საქართველოს არ მიენიჭა სტატუსი. მეტიც, წელსაც თანახმაა, რადგან თურმე საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ სტატუსი მივიღოთ ან თურმე ფორმალურად აკეთებს იმას, რაც საფუძველი უნდა იყოს სტატუსის მიღებისთვის. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში მთავრობა ვერ მისცემდა თანხმობას პრეზიდენტს, რომელიც უნდა წასულიყო იმ საგარეო კურსის წინააღმდეგ, რომელიც ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს აქვს არჩეული,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.