“პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა ოპოზიციის ხმებიც და გამორიცხულია მათ ამას მხარი დაუჭირონ”

86
spot_img

პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა ოპოზიციის ხმებიც და გამორიცხულია მათ ამას მხარი დაუჭირონ მაშინ, როდესაც პრეზიდენტი და ოპოზიცია ერთ ხმაში საუბრობს. შესაბამისად, იმპიჩმენტი გამორიცხულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„მთავარი არხიც“ კი, იგივე „ნაციონალური მოძრაობა“ როგორ იცავს სალომე ზურაბიშვილს, ვხედავთ. იმპიჩმენტის შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის ხმებიც, როგორც პროცედურითაა გათვალისწინებული. წარმოუდგენელია, რომ ოპოზიცია და პრეზიდენტი, რომლებიც ერთ ხმაში საუბრობენ და ახლა მათი პოლიტიკური განშტოებები, კლასტერი, ყველანი ერთად როგორც საუბრობენ, როგორ დაუჭერს იმპიჩმენტს მხარს. შესაბამისად, იმპიჩმენტი გამორიცხულია. ამიტომაც საკითხის დაძვრასაც აზრი არ აქვს. სალომე ზურაბიშვილმა ცუდი რაღაცები ილაპარაკა ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ კი ეცადა გამოესწორებინა და კარგი რაღაცები ილაპარაკა. ამ ადამიანს ჰგონია, რომ ქვეყნის შიგნით თუ რამეს იტყვის ქვეყნის გარეთ ვერავინ გაიგებს ამას. ხვდებით რა არასერიოზულობაში შევდივართ?! ხან ასე ლაპარაკობს. ხალხის რეაქციამ უზრუნველყო, რომ ქვეყნის შიგნითაც კი შედარებით გაასწორა მესიჯები. 26 მაისის გამოსვლის შემდეგ პარლამენტში შედარებით კიდევ უფრო დაარბილა მესიჯები და რატომ იცით?! იმიტომ, რომ მთელი იმ დღეების განმავლობაში სოცქსელებში ქართველი საზოგადოების რეაქცია იყო უკიდურესად მძიმე და ამ მძიმე რეაქციამ მასზე, როგორც ჩანს, გავლენა იქონია. პრეზიდენტის რიტორიკა არ არის ჩვეულებრივი ამბავი. ეს განცხადებები იწერება, ილექება ჩვენს ევროპელ კოლეგებს მიეწოდებათ და გარკვეული შთაბეჭდილებები რჩებათ და აღქმები აქედან იქმნება“,- აღნიშნა მდინარაძემ.