“პრეზიდენტის ღონისძიება არსებული ფორმატით დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ მოემსახურება” – დავით ბაქრაძე

43
spot_img

მზად ვარ, საქართველოს ევროპული სტატუსისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ პრეზიდენტის ღონისძიებაში მონაწილეობის შინაარსს ვერ ვხედავ. შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

ამასთან, ბაქრაძეს შეფასება სთხოვეს, რამდენად შეიძლება იყოს აღნიშნული ღონისძიება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი.

ბაქრაძის თქმით, არსებული ფორმატით ეს ღონისძიება დეპოლარიზაციას ვერ მოემსახურება.

„სამწუხაროდ, არსებული ფორმატით ეს ღონისძიება დეპოლარიზაციას ვერანაირად ვერ მოემსახურება, ვინაიდან, ერთი მხრივ, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას არ იღებენ ყოფილი თანამდებობის ძალიან მნიშვნელოვანი პირები, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები, მინისტრები, მეორე მხრივ, ამ ღონისძიებაში არ მონაწილეობს მოქმედი ხელისუფლება. ამიტომ, დეპოლარიზაციის ნაცვლად, ეს ღონისძიება მხოლოდ ხაზს გაუსვამს, როგორი უფსკრული არსებობს დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში. ბუნებრივია, მზად ვარ, საქართველოს ევროპული სტატუსისთვის ყველაფერი გავაკეთო, მაგრამ ამ კონკრეტულ ღონისძიებაში ამ ფორმატით მონაწილეობის შინაარსს ვერ ვხედავ. შესაბამისად, მისვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

13 დეკემბერს ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს და ელჩებს „ჩვენი ხმა ევროპას“ კამპანიის ფარგლებში შეგროვებულ ხელმოწერებს გადასცემს. ამასთან, ღონისძიებაზე მიწვეული არიან საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, პრემიერები, საგარეო საქმეთა მინისტრები. „ეს არის ის კონსენსუსი, დეპოლარიზაცია და ერთობა, რაც ჩვენ გვჭირდება, რათა ჩვენი ევროპული გზა წარმატებული იყოს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ღონისძიებაზე სუაბრისას.