განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, – ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის განკარგულებას ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და პერსონალის ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ.
როგორც კალაძემ განმარტა, სიაში არ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა გამარჯვებაში.
„არ ვიცი, რა დგას ამის უკან. აბსოლუტურად გაუგებარი იყო, როგორც შემდეგ გაირკვა, თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული გვქონდა, ხალხისთვის არ გვითქვამს, დამალულად გავაკეთეთო. ეს გამოვიდა.
რამდენი ხანია, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენი წარმატებული ფეხბურთელები, მთლიანად გუნდი წარადგინა ღირსების ორდენზე, არავის ამოუღია ხმა. მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ამდენი ხანია სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ აჯილდოებს სპორტსმენებს, თქვეს, რომ მაისის თვეში გამოვეცითო და არ ვსაუბრობდითო. განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში გამოტოვა და დანარჩენს მისცა“,- აღნიშნა კალაძემ.