“პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს, პარლამენტს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები წარუდგინოს”

72
spot_img

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პრაქტიკამ აჩვენა, რომ საჭიროა ცვლილებების შეტანა „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში.

მისივე თქმით, დღევანდელი საკანონმდებლო რეგულირება აბსურდულია.

„უპრეცენდენტო და აბსურდულია საკანონმდებლო რეგულირება, რომელიც დღეს არსებობს და მაღალი რანგის თანამდებობის პირების 6 თვის ვადით არჩევას ითვალისწინებს. ევროკავშირის არც ერთ ქვეყანას მსგავსი ჩანაწერი არ აქვს. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერი ვერ ფუნქციონირებს. დღემდე პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ ახერხებს, სრულად დააკომპლექტოს ცესკო-ს წევრობის კანდიდატები და წარუდგინოს პარლამენტს. რამდენჯერმე გამოაცხადეს კონკურსი. ამ კონკურსში არ შეიტანეს საბუთები და კონკურსი ჩაიშალა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული სამართლებრივი მოწესრიგება პრაქტიკაში ვერ მუშაობს. ეს არის უპრეცედენტო რეგულირება, რომელიც თავის დროზე კომპრომისის სახით და იმ დათქმით მივიღეთ, რომ პრაქტიკაში დავაკვირვებოდით, იმუშავებდა თუ – არა. დავთმეთ და ვთქვით, რომ შეიძლება, ასეთი ჩანაწერი არსებობდეს. პრაქტიკაში ამ რეგულაციამ ვერავითარი სწორი ფუნქციონირება ვერ უზრუნველყო და ხარვეზების მეტი არაფერი გამოავლინა. საბოლოოდ, მივედით იქამდე, რომ საჭიროა გამართული საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა. ჩვენი ამოცანაა, საკითხი მოწესრიგდეს და პრაქტიკაში ასეთი ხარვეზები აღარ წარმოიქმნას. ჩვენი მიზანია, არსებობდეს სამართლებრივი ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს კვალიფიციური, პროფესიონალი და კეთილსინდისიერი კანდიდატების არჩევას და ეს პროცესი არ იქნება გაჯერებული პოლიტიკური მოტივაციით. მაგალითად, ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან მიმართებით პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ წარადგენდა კანდიდატს. კვალიფიციურიც არის, კეთილსინდისიერიც, კარგადაც ჩაატარა არჩევნები, საუკეთესოდ უზრუნველყო არჩევნების ადმინისტრირება, თუმცა არ წარვადგენო. ეს ეწინააღმდეგება პრინციპს, რომ კანდიდატი უნდა შეარჩიო არა პოლიტიკური მოტივაციით, არამედ კეთილსინდისიერების, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გათვალისწინებით. პრეზიდენტი პროცესში ჩართული იქნება მისი წარმომადგენლის მეშვეობით. ყველა კონსტიტუციური ნორმა დაცულია“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.