,,პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს”- პაპუაშვილი

64
spot_img

სამწუხაროა, რომ ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე, ყველა კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებას ხელი შეუწყოს და ხელი არ შეუშალოს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, პრეზიდენტი ცესკო-სა და ეროვნული ბანკის სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს.

„სამწუხაროდ, ეს ცესკო-სა და ეროვნული ბანკის მაგალითზე ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ამ ორგანოების სათანადო ფუნქციონირებას ხელს არ უწყობს და პირიქით, იმით, რომ კანდიდატების წარმოდგენა არ ხდება, ახალისებს იმას, რომ ინსტიტუტების ფუნქციონირებას პრობლემა შეექმნას. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება მოვისმინეთ და სიმართლე გითხრათ, ამ განმარტებით გაკვირვებული ვარ. ითქვა, რომ ლაშა ხუციშვილი არის პროფესიონალი და ამ თვალსაზრისით კითხვა არ არსებობდა, თუმცა თითქოს კითხვის ნიშანი არსებობს მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას ერთი რამე არ ესმის, რომ შეუძლებელია პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. დამოუკიდებლობა პროფესიონალიზმის შემადგენელი ნაწილია. თუ ვინმეს პროფესიონალად აფასებენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ფასდება მისი დამოუკიდებლობით ან მაშინ გამოდის, რომ შეფასების კრიტერიუმად, პროფესიონალიზმის კრიტერიუმად ისინი დამოუკიდებლობას არ იღებენ. ამიტომ, ეს არის მთავარი პრობლემა იმის, რაც, სხვათა შორის, სხვა დროსაც ყოფილა. როგორც ჩანს, სინამდვილეში, გაურკვევლობა არის იმის, თუ როგორ უნდა შეაფასონ კანდიდატი.შეუძლებელია, ადამიანი დამოკიდებული იყოს სხვაზე და ის იწოდებოდეს პროფესიონალად. რა თქმა უნდა, გარკვეული ტენდენცია იკვეთება. ერთი მხრივ, შეფასება ხდება კანდიდატების, რომ ისინი არიან პროფესიონალები, გამოცდილები, მაგრამ თან ხდება ამ კანდიდატების ხელოვნურად ჩაგდება, არწარდგენა და ა.შ. არ მინდა, შევაფასო ამის რა მოტივაციებია, თუმცა ის, რომ ეს არ ადგება სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულ ფუნქციონირებას, ეს ფაქტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.