პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს

50
spot_img

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფის და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისს შეიწყალებს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა “ტვ პირველთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილება დღეს, დილის 10 საათზე თავად მიიღო და არანაირ მოწოდებას არ დალოდებია.

„მე გეტყვით რომ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების გადაწყვეტილება ამ დილით, 10 საათზე მივიღე. არ დაველოდე არც არავის მოწოდებას, ასე რომ, ვერავინ ვერ ჩაითვლის ქულებს. მე ჩემი სინდისის წინაშე ჩავთვალე, რომ არასწორია, ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს. ხელი ჯერ არ მომიწერია, პროცედურები წინ არის, მაგრამ გადაწყვეტილება მე საკუთარ თავთან ერთად, ყველანაირი გამოთქმული აზრის გარეშე მივიღე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ლაზარე გრიგორიადისს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიესაჯა.