საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა უკრაინის დახმარების კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პრემიერ-მინისტრის გერმანიაში ვიზიტის შესახებ განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობის მეთაურს ექნება კონკრეტული მიმართვა მრგვალი მაგიდის ფორმატში.
„საქართველოს მთავრობის მეთაური სამუშაო ვიზიტით იმყოფება გერმანიაში. ბერლინში, 11 და 12 ივნისს იმართება უკრაინის დახმარების საერთაშორისო ფორუმი, სადაც იკრიბებიან მსოფლიო ლიდერები და იქნება მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ აღმოუჩინონ შემდგომ უკრაინას დახმარება, იმისთვის, რომ გაუმკლავდეს ყველა იმ გამოწვევას, რომელიც დღეს ომში მყოფ ქვეყანას აქვს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, როგორც სხვა ლიდერები, ამ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. მას ექნება კონკრეტული მიმართვა ამ მრგვალი მაგიდის ფორმატში, ხოლო შემდგომ მას ექნება ცალკე განცხადება, რომელსაც გააკეთებს უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატში მონაწილეობა, საქართველო ყოველთვის, ყველა შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა უკრაინას ბოლო წლების განმავლობაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბერლინში და მისი მონაწილეობა ამ კონფერენციაში არის კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველო აკეთებს ყველაფერს, მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რათა დაეხმაროს ქვეყანას, რომელიც იმყოფება დღეს ომის პირობებში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.