საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, პაველ ვიზდალთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ მნიშვნელოვან პროგრესზე, რაც საქართველოსა და სლოვაკეთს აქვს ორმხრივ ურთიერთობებში, მათ შორის – პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის მიმართულებით. საუბრისას განიხილეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მხარდამჭერი პროექტები, ასევე – ხაზი გაესვა სლოვაკეთის დახმარების მნიშვნელობას ჯანდაცვის სექტორისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.