საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.
მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 22 საკითხი განიხილეს.
მათ შორის, საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული 2023-2030 წლების ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია და მისი 2023-2024 წელთა სამოქმედო გეგმა.
სტრატეგია მოიცავს გრძელვადიან ხედვას, მიზნებსა და ამოცანებს საქართველოს, როგორც რეგიონულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.
დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ლოგისტიკური სექტორის გაძლიერებასა და ლოგისტიკური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ასევე – საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო ტრანსპორტის, სამოქალაქო ავიაციის სფეროების ეფექტური ფუნქციონირების უზრუნველყოფას და საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტების კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. ამავდროულად, სტრატეგია მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მოთხოვნების, საჭიროებების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში.
სატვირთო გადაზიდვების ხელშეწყობასთან ერთად პრიორიტეტული საკითხია სამგზავრო გადაყვანების განვითარება. დოკუმენტის განხილვისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესება, სატრანსპორტო მომსახურების და უსაფრთხოების დონის ამაღლება უაღრესად მნიშვნელოვანია მობილობის საჭიროებების დაკმაყოფილებისა თუ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაძლიერებისათვის.
სტრატეგია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობით მოამზადა. ამასთან, გაიმართა საჯარო კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი, რომელთა საფუძველზეც მიღებული რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში.
მთავრობის დადგენილებით, ასევე შეიქმნა საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგის განვითარების უწყებათაშორისი კომისია, რომელიც კოორდინაციას გაუწევს სტრატეგიით, შესაბამისი სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას, ამავდროულად – უზრუნველყოფს ტრანსპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე ეფექტურ რეაგირებას.
საკითხის განხილვისას აღინიშნა, რომ გლობალიზაცია და ევროკავშირთან მზარდი ეკონომიკური კავშირები საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობაში სრულად ინტეგრაციის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის. ამდენად, ამ პროცესში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. აქვე აღინიშნა, რომ ამ მხრივ, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის სატრანსპორტო სისტემაში საქართველოს ინტეგრაციას, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას.