“პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო ძალიან კომპლექსური” -ლევან დავითაშვილიი

15
spot_img

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიშში ცალსახად ჩანდა ის პროგრესი, რომელიც ქვეყანას აქვს ბოლო 11 წლის განმავლობაში. პრემიერმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რამხელა სხვაობაა ქვეყნის განვითარების კუთხით, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილის შეფასებით, ეს ეხება არამხოლოდ ეკონომიკურ წინსვლას და პროგრესს, არამედ, ფაქტობრივად ქვეყნის ცხოვრების ყველა ასპექტს.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, პრემიერის მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ ქვეყანა წინსვლის პროცესშია ფაქტობრივად ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს უსაფრთხოების საკითხები, განათლების, ჯანდაცვის სფეროები, სამოქალაქო წესრიგი, სასჯელაღსრულების, სასამართლოების მიმართულება თუ სხვა.

„ასევე როგორ შეიცვალა ქვეყანაში მმართველობა, როგორ გაუმჯობესდა ქვეყანაში დემოკრატია, ეს ყველაფერი საბოლოოდ პრემიერმა შეაჯამა იმ საერთაშორისო ინდექსებში, რომელიც აღიარებს საქართველოს ცალსახა ლიდერობას რეგიონში. საქართველო ლიდერია ძალიან ბევრი მაჩვენებლის მიხედვით, მათ შორის მმართველობის კუთხით, კორუფციის აღქმის, ზოგადად ეკონომიკის პროგრესის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ეკონომიკის ნაწილში, მიუხედავად ამ შედეგისა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი, რომ სიღარიბე დავძლიოთ და ქვეყანა იყოს წარმატებული“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, როგორც ეკონომიკის მინისტრი აცხადებს, იმ პროგრესის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ არის შეფასებული, საქართველო შემდეგ წლებში ლიდერი ქვეყანა იქნება არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, არამედ ევროკავშირის წევრ ბევრ ქვეყანასთან და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ყველა ქვეყანასთან მიმართებაში.

„ასე რომ, პრემიერის ანგარიში იყო ძალიან კომპლექსური, მოიცავდა საზოგადოებრივი ცხოვრების, მათ შორის ეკონომიკის ბევრ მიმართულებას და მასში ცალსახად ჩანდა, თუ როგორია განსხვავება ჩვენს ხელისუფლებას და წინა ხელისუფლებას შორის. და ეს ყველაფერი ობიექტურ მონაცემებს ეფუძნება“, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი.