„პომპეზური და სანახაობრივი მიღება თეთრ სახლში: რა სურს ამერიკას ინდოეთისაგან?“

98
spot_img

ამერიკული სამაუწყებლო კომპანია „ამერიკის ხმა“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „პომპეზური და სანახაობრივი მიღება თეთრ სახლში: რა სურს ამერიკას ინდოეთისაგან?“ (ავტორები – ანიტა პაუელი და პეტი ვიდაკუსვარა).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ თეთრ სახლში გამართული საზეიმო მიღების დროს ხაზი გაუსვეს ამერიკელი და ინდოელი ხალხების პარტნიორობას და მაღალ დონეზე შეაფასეს მათი დემოკრატიული ღირსებები. „ვადღეგრძელებ ორი დიდ ერს, ორ დიდ მეგობარს სახელმწიფოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ჯანჯაფილის ელით (შუშხუნა სასმელით) სავსე ბოკალით ხელში ინდოეთის პრემიერ-მინისტრის წინაშე, რომელიც, მასპინძლის მსგავსად, ალკოჰოლიან სასმელებს არ სვამს.

ნადიმის წინ: ერთობლივი პრეს-კონფერენცია

ვიზიტის მიზანია ამერიკის ადმინისტრაციის განზრახვა, რომ მსოფლიოს ყველაზე მჭიდროდ დასახლებულმა ქვეყანამ ისეთი პოლიტიკა გაატაროს რუსეთ-უკრაინის ომისა და ჩინეთის მიმართ, როგორიც ვაშინგტონს აწყობს.

„აშშ და ინდოეთი თითქმის ყველა სფეროში თანამშრომლობენ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა ინდოეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რაც საკმაოდ იშვიათია ნარენდრა მოდისათვის, რომელმაც, თავის მხრივ, ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა მაღალი დონის სახელმწიფო მიღებისათვის და გულუხვი მდიდრულ ვახშმისათვის – მაგიდები 400 სტუმრისთვის იყო გაწყობილი. „თქვენ ენით რბილად საუბრობთ, მაგრამ როცა საქმე პრაქტიკულ ნაბიჯებს ეხება, მტკიცედ და ძლიერად მოქმედებთ“, – თქვა ინდოელმა ლიდერმა.

ჯო ბაიდენმა ჩამოთვალა ის დარგები, რომლებშიც აშშ და ინდოეთი თანამშრომლობენ: ჯანდაცვა, კოსმოსის ათვისება, ეკოლოგიურად სუფთა ენერგიები, კლიმატის ცვლილებები…
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნარენდრა მოდისთან ერთად განიხილა ერთობლივი ძალისხმევის მიმართულება იმ ჰუმანიტალური ტრაგედიის შესასუსტებლად, რაც რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა გამოიწვია და რომელიც საერთაშორისო სამართლისა და გაერო პრინციპების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

თავის მხრივ, ინდოეთის ლიდერმა, რომელიც რუსული წარმოების იარაღისა და რუსული ნავთობის მსხვილი იმპორტიორს წარმოადგენს, თავი შეიკავა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის კრიტიკისაგან უკრაინაზე თავდასხმასთან დაკავშირებით და აქცენტი იმ ზარალზე გადაიტანა, რასაც „გლობალური სამხრეთის“ (ლათინური ამერიკის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის) ქვეყნებს უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებები აყენებს: „ჩვენ გვინდა, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალისხმევა ყველა ქვეყანამ გააერთიანოს“, – თქვა ნარენდრა მოდიმ და ხაზი გაუსვა, რომ ინდოეთი კონფლიქტის მოგვარებაში დიპლომატიური მეთოდების მომხრეა.

რატომ ირღვევა ინდოეთში ადამიანის უფლებები?

ერთ-ერთი ამერიკელი ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ ირღვევა ინდოეთში ადამიანის უფლებები და რატომ ხდება რელიგიური უმცირესობების დისკრიმინაცია, ნარენდრა მოდიმ გაკვირვება გამოხატა: „მე ნამდვილად მიკვირს, რომ ხალხი ასე ამბობს”, – თქვა პრემიერმა და ხატოვნად აღნიშნა – „ინდოეთში დემოკრატია ბატონობს. დემოკრატია ჩვენი სული და ჩვენს ძარღვებში გამდინარე სისხლია… ჩვენთან დისკრიმინაციისთვის არანაირი სივრცე არ არსებობს… ჩვენი ქვეყანა ეფუძნება ოთხ პრინციპს: „საბკა სათ, საბკა ვიკა, საბკა ვიშვა და საბკა პრაია”, რაც საერთო ჯამში ნიშნავს „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისთვის, ყველა სიკეთის ზრდისათვის და ყველა ერთმანეთის ნდობით“.

ნარენდრა მოდის მიერ ინდოეთის „ვარდისფერი“ შეფასების კრიტიკოსები მიუთითებენ, რომ ქვეყნის მმართველი პარტია ბევრს სცოდავს და დემოკრატიიდან უკან იხევს. ვიზიტამდე 70-მა ამერიკელმა კანონმდებელმა ჯო ბაიდენს წერილი გაუგზავნა და მოსთხოვა, რომ ნარენდრა მოდისთან მოლაპარაკების დროს ყურადღება ადამიანის უფლებების დარღვევებზე გაემახვილებინა.

„ინდოეთს ამერიკასთან მნიშვნელოვანი ურთიერთობა აკავშირებს“, – განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა, წერილზე ერთ-ერთმა ხელმომწერმა პოლიტიკოსმა, – „მაგრამ ჩვენ დემოკრატიული ფასეულობები უნდა დავიცვათ – პრემიერ-მინისტრს უნდა მოვთხოვოთ, რომ საკუთარი მოქალაქეებზე მეტად იზრუნოს“.

ნადიმის დრო: წარსულის ფურცლების გახსენება

თეთრ სახლში მიწვეული ინდური წარმომავლობის მქონე ამერიკელებს შორის იყო ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის დედა, რომელმაც ინდოეთი 1958 წელს დატოვა, რათა სწავლა ამერიკაში გაეგრძელებინა და დოქტორის ხარისხი მიეღო.

ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ჯო ბაიდენმა გაიხსენა თავისი პირველი ვიზიტი ინდოეთში ათი წლის წინ, როცა იგი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო. „იმ დროს ჩვენ წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდიოდით, დღეს კი ჩვენი ურთიერთობა მასშტაბური გახდა“, – თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.

ნარენდრა მოდი აშშ-კონგრესში ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რაც, აშშ-ის ოფიციალური ტრადიციით, ძალიან დიდ და მაღალ პატივისცემას ნიშნავს უცხოელი სტუმრის მიმართ. რა თქმა უნდა, კონგრესში სიტყვით მისი წინაპრებიც – ჯავაჰარლალ ნერუ, ინდირა განდი და მანმოჰან სიგჰიც გამოვიდნენ, მაგრამ ნარენდრა მოდი პირველია იმ ინდოელ ლიდერებს შორის, რომელიც ამას მეორედ აკეთებს.

არადა, ნარენდრა მოდის ასეთი მდიდრული მიღების ფონზე, გასახსენებელია ის დროც, როცა მას 2005 წელს აშშ-ის ვიზის მიცემაზე უარი განუცხადეს, რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი საეჭვო კავშირების გამო.

აშშ და ინდოეთი ჩინეთ-რუსეთის წინააღმდეგ?

ჯო ბაიდენს სულ მცირე ორი მიზეზი აქვს იმისთვის, თუ რატომ უფენს ხალიჩას ნარენდრა მოდის. ორივე მიზეზი აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს: პირველი – გააძლიეროს ინდოეთის როლი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის საპირწონედ და დასაბალანსებლად და მეორე – „გადააჩვიოს“ ინდოეთი რუსული იარაღის ყიდვისაგან.

ინდოეთი ერთადერთი სახელმწიფოა მსოფლიოში, რომელსაც ბოლო ათწლეულში ჩინეთთან ღია კონფლიქტი აქვს სასაზღვრო დავების გამო: ჰიმალაებში, 3400 კილომეტრის საზღვრის გასწვრივ ორივე მხარე მილიტარიზებას აფართოებს.

აშშ-ის ადმინისტრაცია მხარს უჭერს ინდოეთის არმიის მოდერნიზებას და ნიუ-დელის თანამედროვე იარაღს სთავაზობს, ასევე ცდილობს ინდურ კომპანიებთან ერთობლივი სამხედრო პროექტების განხორციელებას.

„ინდოეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უფრო მეტად განპირობებულია აშშ-სა და ინდოეთის სამხედრო პარტნიორობის განმტკიცების სურვილით“, – უთხრა „ამერიკის ხმას“ ირფან ნორუდინმა, ატლანტიკური კავშირის სამხრეთ აზიის კვლევების ცენტრის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა.

„ინდოეთის გადასვლა ამერიკულ ტექნოლოგიებზე იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი ახლა ინდოეთის სახით ამერიკული სამხედრო სისტემების წინაშე დადგება. ეს ნიშნავს, რომ ახლა პეკინს საქმე ექნება არამარტო სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთან (აშშ-ის პარტნიორებთან), არამედ მათ რიცხვს ემატება ინდოეთიც. ჩინეთისათვის მათთვის „წინააღმდეგობის გაწევა“ საკმაოდ რთული ხდება და ამიტომ პეკინს მთელი თავისი თავდაცვითი პოზიციის შეცვლა მოუწევს, ახალი რეალობის გამო“, – ამბობს ირფან ნორუდინი.

წყარო