პოლონეთში დაახლოებით 160 ტონა უკრაინული მარცვლეული დააზიანეს

17
spot_img

პოლონეთში დაახლოებით 160 ტონა უკრაინული მარცვლეული დააზიანეს, – ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების სამინისტრო იუწყება.

„ვანდალიზმის ახალი აქტი ღამით, კოტომერცის სადგურზე მოხდა. რვა ვაგონიდან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადმოყარეს, ტვირთი ტრანზიტში იყო გდანსკის პორტში, საიდანაც იგი იგზავნებოდა სხვა ქვეყნებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრმა, ალექსანდრ კუბრაკოვმა აღნიშნა, რომ ეს პოლონეთის რკინიგზის სადგურებზე ვანდალიზმის და დაუსჯელობისა და უპასუხისმგებლობის მეოთხე შემთხვევაა.

„უკრაინული მხარე კეთილსინდისიერად ასრულებს თავის ვალდებულებებს და პოლონეთის მთავრობასთან შეთანხმების შესაბამისად, არ ახორციელებს გარკვეული სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს პოლონეთში, ეს დადასტურდა ოფიციალურ დონეზე“, – განაცხადა კუბრაკოვმა.

პოლონური მედია იტყობინება, რომ მატარებლით სიმინდი გადაჰქონდათ. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები.