,,პოლიციელები საერთოდ აღარ იყვნენ ქუჩაზე და დაიწყეს ქვების სროლა, პარლამენტის ჭიშკრის მონგრევა”- მდინარაძე

22
spot_img

პოლიციელი საერთოდ აღარ იყო ქუჩაზე და ახლა პირდაპირ ეთერში ვუყურებ, რომ დაიწყეს ქვების სროლა, ჭიშკრის მონგრევა და რაღაზე ვლაპარაკობთ? როგორღა უნდა დამტკიცდეს საკუთარი თვალით ნანახის იქით, რომ ეს დემონსტრაცია სამწუხაროდ მშვიდობიანი არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საჭიროა რომ აქციაზე მყოფმა პოლიტიკოსებმა აიღონ პასუხისმგებლობა და მოუწოდონ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდობიანი ფორმით გამოხატვისკენ.

„ვუყურებდი ახლა, ამხელა აგურებს რომ ესვრიან და ამით ზიანდებიან პოლიციელები, ეს ხალხი ადამიანები არიან, გმირები არიან და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავენ. ასეთი რამ არ შეიძლება. გუშინ კიდევ ჰქონდათ ინტერპრეტაციის საშუალება, რადგან ასეთი უშუალო შეხება იყო, ეთქვათ, რომ არა პირველმა ამან დაარტყა. დღეს კი საერთოდ არ იყო პოლიციელი და გადავიდნენ პარლამენტის ჭიშკრის მონგრევაზე. რომ აუხსნან და უთხრან, რომ პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ პოლიციელს თავში აგური არ უნდა გაარტყან, ხომ შეიძლება მაგრამ პასუხისმგებლობას არ იღებენ და ამ დროს გამოდის ვაშაძე და ამბობს, რომ მე ვერ ვნახე ასეთი რაღაცო, წიწაკის სპრეი ვნახე მარტოო. ამ დროს ელემენტარული პასუხისმგებლობის აღების თავი უნდა ჰქონდეს ვინმეს“, – განაცხადა მდინარაძემ.