“პოლიტიკურ ტალახში მყოფი ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სივრცე მოსვაროს” – გია ვოლსკი

66
spot_img

არავის არ აქვს არავითარი რესურსი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდი აუაროს. რასაკვირველია, რუსეთი საქართველოს მეშვეობით სანქციებს გვერდს ვერ აუვლის და ეს არაერთხელ დადასტურდა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ჩარჩა სიბინძურეში, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა.

„ოპოზიცია ჩამორჩა, ოპოზიცია ჩარჩა იმ ტალახში, რომელიც თვითონვე შექმნა, თავის გარშემო სიბინძურეში, რომელსაც ჰქვია ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობა. სხვა პროპაგანდისტული რესურსიც აღარ დარჩა, თუ არა რუსეთის თემის ექსპლუატაცია, რომელიც არ ამართლებს, ვინაიდან ამას არანაირი საფუძველი არ აქვს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ვოლსკის განმარტებით, ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვითარება იძაბება, სტაბილურობა არის გამოხატულება იმისა, როგორ მართავს სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლება.

„საქართველოს საგარეო კურსი უცვლელია, უცვლელია იმდენად, რამდენადაც ჩვენს ინტერესებს შეესაბამება. ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვა, ეკონომიკური სანქციები, სამხედრო დაპირისპირება, რისკენაც ყოველდღიურად მოგვიწოდებენ. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ვითარება იძაბება, სტაბილურობა არის გამოხატულება იმისა, როგორ მართავს სახელმწიფოს დღევანდელი ხელისუფლება. პროვოკაციას არანაირად არ უნდა ავყვეთ. აქედან გამომდინარე გაკოტრდა ოპოზიცია და გაკოტრებული, პოლიტიკურ ტალახში მყოფი ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სივრცე მოსვაროს თავის გარშემო. სამწუხაროა, რომ საერთაშორისო დონეზე მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკოსი ამას მხარს უჭერს“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ამასთან, გია ვოლსკის განცხადებით, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტი იქნება ერთ-ერთი საგანგებო ინდიკატორი, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ პარტნიორები საქართველოს ამ საგანგებოდ მნიშვნელოვან ვითარებაში.

„საქართველოს სტაბილურობა, უსაფრთხოება და საქართველოს გავლით იმ დერეფნის უსაფრთხოება, საიდანაც ალტერნატიული გზით ევროპა ენერგორესურსებით მარაგდება – ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და, რასაკვირველია, ამ საკითხებზე იქნება მთავარი აქცენტი გაკეთებული“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.