“არ არსებობს ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდით ავლისთვის ყოფილიყო გამოყენებული”-კახა კალაძე

97
spot_img

არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით და ამას ერთადერთი მიზანი აქვს, ვატარებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, არ გვინდა, ისეთი ნაბიჯი გადავდგათ, რომელიც თავიდანვე ვიცით, დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს პირდაპირ კავშირშია რიგით მოქალაქეზე, გლეხზე, რომელიც 24 საათი შრომობს, მუშაობს, ქმნის რაღაც პროდუქციას, შემდეგ ცდილობს რეალიზაციას, რატომ უნდა შევუშალოთ ხელი რუსული ბაზრის გამოყენებაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, არ არსებობს არცერთი ფაქტი, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული.

„მოქალაქე დამატებით შემოსავალს მიიღებს შვილებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიერებს, რა არის ამაში ცუდი, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტია სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ვერ მოიყვანთ ვერცერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა. ყველას დიდ პატივს ვცემ, ვიცით მეგობრობაც, პარტნიორობაც. ვიღაცას რაღაც ეჭვი აქვს ამაზე და ამით ხომ არ უნდა შემოვიფარგლოთ. თუ კონკრეტული ფაქტები არსებობს, წარმოადგინონ. ჩვენ მივესალმებით რუსი ტურისტების შემოსვლას. გაიხსენეთ, 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი, ომის, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის დამანგრეველი იყო, დავკარგეთ ტერიტორიები, დღესაც ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი, უამრავი გარდაცვლილი მშვიდობიანი მოსახლეობა, დანგრეული სოფლები, ქალაქები, ვიცით, ეს ომი რამდენად მძიმე იყო და მესამე-მეოთხე დღეს ხელისუფლებიდან წერილებს აგზავნიდნენ რუსეთის ფედერაციაში, რომ სახალხო ურთიერთობები დაეწყოთ, კონცერტები გაემართათ საქართველოში, ამის ვიდეოკადრებიც არსებობს. მოუწოდებდნენ ჩამოსულიყვნენ, ბიზნესი ეკეთებინათ. შინაგან საქმეთა მინისტრი გვეუბნებოდა, რუსულ ფულს სუნი არ ასდისო, სტრატეგიული ობიექტების გასხვისება მოხდა რუსულ კომპანიებზე, სააკაშვილი ყვავილებით ხელში ლარსის გამშვებ პუნქტზე ხვდებოდა რუს ტურისტებს. დღეს ისევ ეს ადამიანები გაბრაზებული სახეებით, თურმე როგორ შეიძლება რუსი ტურისტი შემოვიდეს საქართველოში, გაბრაზებული სახეებით აპროტესტებენ ამ ყველაფერს. ეს ორმაგი სტანდარტია და ეს ადამიანები ფარისევლები არიან. ხელისუფლება ატარებს პირველ რიგში ამ ქვეყნის ინტერესს, ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კალაძემ.