“პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას გვმართებს აქტიურობა, რომ მალე მოვაახლოოთ პერიოდი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჰქვია”

88
spot_img

ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ამასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას ქვეყნის შიგნით გვმართებს აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მალე მოვაახლოოთ ის პერიოდი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჰქვია, რადგან „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლების ნაწილი საქართველოში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს კრემლთან გარიგებაში მყოფი ხელისუფლება ჰყავს და დღეს ეს მთავარი პრობლემაა.

„რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვება იქონიებს დადებით და გადამწყვეტ გავლენას როგორც საქართველოს, ასევე, მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე და ასევე, ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციის პროცესებზე, რადგან საქართველოში როგორც შიდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას და ასევე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეწინააღმდეგება ერთადერთი ქვეყანა – ეს არის რუსეთის იმპერია და სამწუხაროდ, კრემლთან შეკრული ხელისუფლება „ქართული ოცნების“ სახით. ქვეყნის შიგნით დემოკრატიზაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის, რა თქმა უნდა, უკრაინის გამარჯვებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება და ამასთან ერთად, ჩვენ პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას ქვეყნის შიგნით გვმართებს აქტიურობა, რომ რაც შეიძლება მალე მოვაახლოოთ ის პერიოდი, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება ჰქვია, რადგან „ქართული ოცნება“ არის რუსული ხელისუფლების ნაწილი საქართველოში. შესაბამისად, რუსეთი უნდა დამარცხდეს საქართველოშიც, უკრაინის ომშიც და რუსეთი გეოპოლიტიკურად მთლიანად უნდა იქნეს დამარცხებული.

მე უფრო აღვშფოთდებოდი, ავღელდებოდი და გავბრაზდებოდი იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს ქართველ ერს წარმოადგენს ხელისუფლება – „ქართული ოცნება“, რომელიც გარიგებაშია და მეგობრობაშია პუტინთან, მედვედევთან და მთლიანად კრემლთან, ქართველების მაგინებლებთან, ტერიტორიების მიმტაცებლებთან, საქართველოს ისტორიის გადამწერ ძალასთან. მათთან პირდაპირ გარიგებაში, კოლაბორაციაში მყოფი ხელისუფლება გვყავს და ეს არის დღეს მთავარი პრობლემა, ამას უნდა მივხედოთ ჩვენ და კრემლი, პუტინი და მედვედევი რას იძახიან – ეს ახალი არ არის, ეს არის რუსული დამპყრობლური, შოვინისტური პოლიტიკა, ეს არის ჰიბრიდული ომის პოლიტიკა, რომელიც დღეს და გუშინ კი არ დაუწყიათ, ასწლეულების და ათწლეულების წინ აქვს დაწყებული რუსეთის იმპერიას“, – განაცხადა ჩიხლაძემ.