პირველი თაობის მოწამეები შთაგონების წყაროდ ექცნენ შემდგომი თაობის მოწამეებს-მეუფე შიო

128
spot_img

მოწამეობა – ეს არის მარადიული ღმერთის არსებობის, ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტების, სულის უკვდავებისა და მომავალი მკვდრეთით აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)100 ათასი მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე გადახდილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, პირველი თაობის მოწამეები შთაგონების წყაროდ ექცნენ შემდგომი თაობის მოწამეებს და ასე, თაობიდან თაობამდე მათ შემოგვინახეს ამ დიდი ღვაწლისა და თავგანწირვის ფასად ჩვენი სარწმუნოება და ეროვნება.

„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლად სამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეს დღე ყოველთვის განსაკუთრებით ამაღლებულია. ჩვენ ვიხსენებთ ასი ათას მოწამეს, რომლებიც ამ ადგილას ეწამნენ ქრისტესთვის, რომლებმაც რჯულის უარყოფას და ხატების შეურაცხყოფას ამჯობინეს სიკვდილით დასჯა. ამიტომაც მათ თავებს აჭრიდნენ და გვამებს მდინარეში ყრიდნენ. თქვენ იცით, რომ მთელი მდინარე მტკვარი წითელად შეიღება მათი სისხლით.

და აი, დღეს განსაკუთრებით ვფიქრობთ მოწამეობის მნიშვნელობაზე ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ერისთვის, საერთოდ, ჩვენს ერზე, მის წარსულსა თუ მომავალზე.

მოწამეობა – ეს არის მარადიული ღმერთის არსებობის, ქრისტეს სარწმუნოების ჭეშმარიტების, სულის უკვდავებისა და მომავალი მკვდრეთით აღდგომის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტკიცებულება.

მოწამეობა, როგორც გოლგოთაზე აღსრულებული მსხვერპლის მიმსგავსება და მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომასთან თანაზიარება, არის ქრისტეს სახარების საუკეთესო, ყველაზე ქმედითი ქადაგება. ასევე, მოწამეობა გახლავთ უფლის მცნებების ყველაზე სრულყოფილი აღსრულება, იმიტომ რომ ქრისტესთვის წამება გულისხმობს ყველა სათნოებას სრულყოფილად. ისეთ სათნოებებს, როგორებიცაა: მტკიცე რწმენა, შეურყეველი სიმამაცე, სინანული, სიმდაბლე, მორჩილება, როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „მორჩილება, ვიდრე სიკვდილამდე, ვიდრე ჯვარცმით სიკვდილამდე“.

დაბოლოს, მოწამეობა გულისხმობს სრულყოფილ სიყვარულს, იმ სიყვარულს, რომელზეც იგივე მოციქული ბრძანებს, რომ იგი არის სიმტკიცე სისრულისა, იმ სიყვარულისა, რომელზეც ასევე წმინდა პავლე ბრძანებს, რომ იგი შიშს განაგდებს და არასდროს გადავა ჭეშმარიტებისგან, თუნდაც სიკვდილით ემუქრებოდნენ მას, იმიტომ რომ ადამიანი, ვისაც ასეთი სიყვარული აქვს, უკვე თავისთვის აღარ ცხოვრობს, არამედ მასში ცოცხლობს იესო ქრისტე და რომც მოკვდეს ქრისტესთან ერთად, შემდეგ აღდგება ქრისტესთან ერთადვე მარადისობაში.

ასევე, მოწამეობა ემსგავსება იმ მდოგვის მარცვალს, რომელიც ქრისტიანობისთვის იქცევა იმ თესლად, რომელიც შემდეგ ათასმაგ და უხვ ნაყოფს გამოიღებს და იქცევა ეკლესიის და ქრისტიანობის შეურყეველ საფუძვლად. სწორედ ამიტომ, როგორც იცით, ჩვენს ტაძრებში საღვთო ლიტურგია წმინდა მოწამეების ნაწილებზე აღესრულება.

ასევე, ამიტომ არის, რომ წმინდა მამები გვასწავლიან, გვმოძღვრავენ, რომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, ქება-დიდებით აღვასრულოთ ხოლმე წმინდა მოწამეების ხსენება. აი, მაგალითად, ღირსი ეფრემ ასური ასევე დასძენს, რომ წმინდა მოწამეებს თაყვანი უნდა ვცეთ, ვინაიდან ისინი სათნო ეყვნენ ღმერთს თავიანთი ღვაწლით. იგი ასევე ამბობს ძალიან მნიშვნელოვან რამეს, რომ წმინდა მოწამეებმა თავიანთი სისხლი გაიღეს ჩვენი განწმენდისთვისაც.

და აი, პირველი თაობის მოწამეები შთაგონების წყაროდ ექცნენ შემდგომი თაობის მოწამეებს და ასე, თაობიდან თაობამდე მათ შემოგვინახეს ამ დიდი ღვაწლისა და თავგანწირვის ფასად ჩვენი სარწმუნოება და ეროვნება. ამაზე წერს შესანიშნავად წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე), რომ გაქრისტიანებიდან მოყოლებული ქართველი კაცი გულში – ჯვრით და ხელში – ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლს ღვრიდა და ნათელი ბნელზე ვერავინ შეაცვლევინა.

და აი, დღეს წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებით წმინდა ეკლესია მაგალითს გვიჩვენებს, რომ მივბაძოთ მათ ერთგულებას, მათ შეუდრეკელ სიმამაცეს, მათ სარწმუნოებას, რომ ჩვენს ცხოვრებაშიც აღსრულდეს ის, რისკენაც მოგვიწოდებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის „გამოცხადებად“ წოდებულ წიგნში. იგი ამბობს: „სიკვდილამდე ერთგული იყავით და მე მოგცემთ თქვენ სიცოცხლის გვირგვინს“.

მართლაც, წმინდა მოწამეები იყვნენ ერთგულნი ქრისტესნი სიკვდილამდე და მიიღეს ეს სიცოცხლის გვირგვინი და დღეს ვევედროთ მათ, რომ ჩვენც შეგვაძლებინოს უფალმა მათი ლოცვით მათ დიდ მაგალითს მივდიოთ და ჩვენზეც აღსრულდეს ეს დიდებული მოწოდება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენებას. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან და ლოცულობენ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის, მშვიდობისათვის და ინებოს უფალმა, მათი ლოცვით და შეწევნით, ჩვენი სამშობლოს დალოცვა, გადარჩენა და გამთლიანება, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა მეუფე შიომ.