პირველ კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა – საქსტატი

94
spot_img

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის პირველ კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

საქსტატის ცნობით, 2023 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 300.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა.

საანგარიშო პერიოდში, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები შემდეგნაირად განაწილდა: პირველ ადგილზეა ნიდერლანდები – 239.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 48.2 პროცენტს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება იაპონია – 63.2 მლნ. აშშ დოლარით (12.7 პროცენტი), ხოლო მესამეზე აშშ – 54.7 მლნ. აშშ დოლარით (11.0 პროცენტი). ხუთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების წილი ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 87.1 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი – 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).