“პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს” – ანა ნაცვლიშვილი

26
spot_img

პიროტექნიკის დღეს მოქმედი რეგულაციები არ მუშაობს და ამ პირობებში გვყავს დაზარალებულები, მათ შორის ბავშვები – პარლამენტში 9 თვეა დევს ჩვენი კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვაზე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ისე ასრულებს საშემოდგომო სესიას, რომ 9 თვის წინ შემოტანილი კანონპროექტის არც ერთი განხილვა არ ყოფილა კომიტეტზე.

როგორც დეპუტატი აცხადებს, მაქსიმუმი გააკეთეს, რომ სამუშაო რეჟიმი წარმართულიყო კონსტრუქციულ რეჟიმში, თუმცა, მიიღეს პასუხი, რომ კანონპროექტი არ იქნება მიღებული. ნაცვლიშვილის თქმით, შესაძლოა, ჩნდებოდეს ეჭვი ბიზნესინტერესებზეც იმდენად, რამდენადაც პიროტექნიკის შემოტანა რამდენიმე მილიონის ღირებულების ბიზნესია.

„უპირველესად, მინდა სრული და სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო მოზარდს, რომელიც გუშინ პიროტექნიკის გამოყენების შედეგად, მძიმედ დაზიანდა და კატასტროფის ბრიგადით გადმოყვანილია თბილისში, რათა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე გადარჩეს.

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ ამ პარლამენტში ჩვენ მიერ მომზადებულია და 9 თვეა დევს კანონპროექტი საშიში პიროტექნიკის აკრძალვის შესახებ. ის რეგისტრირებულია 28 მარტს და „ქართული ოცნება“ ისე აპირებს დაასრულოს სესია, რომ კომიტეტზე არც ერთი განხილვა არ ყოფილა ამ კანონპროექტის. რამდენიმე სამუშაო შეხვედრა ფორმალურად ჩატარდა, მაგრამ შედეგი არის ის, რომ ბავშვი დაზიანდა და სამწუხაროდ, ახალი წლის პერიოდში საქართველოში მსგავსი დაზიანების ფაქტები იშვიათი არ არის. ეს არის იმ გულგრილობის შედეგი, რომლითაც „ქართული ოცნება“ მოეკიდა ამ თემას და გამზადებული კანონპროექტი შემოდო თაროზე. არც ჩვენი მიიღეს, არც თავისი წარმოადგინეს. მე ხელთ მაქვს გასული წლის ძალიან მძიმე სტატისტიკა, როცა მხოლოდ ერთ თვეში იმდენად დაზიანდნენ ადამიანები, რომ 87 მათგანს, მათ შორის 19 ბავშვს, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. კანონპროექტს გასულ კვირას საქართველოს ათასობით მოქალაქემ დაუჭირა მხარი და კიდევ ერთხელ მიმართა პარლამენტს, რომ მიეღოთ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.