“ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული ინიციატივით, სავარაუდოდ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებენ”

36
spot_img

ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებული ინიციატივით, სავარაუდოდ, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებენ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

„ზოგადად, ვერასდროს წარმომედგინა, თუ მთავრობის საქმე ადამიანების უკანალის დაცვა იქნებოდა. მგონი, ჩვენი მთავრობა ერთადერთია სამყაროში, რომელმაც ჩათვალა, რომ მისი მთავარი კომპეტენციაა, რაღაცნაირად გაუფრთხილდეს ამ ღირებულებას და სიკეთეს. მინდა, წარმატება ვუსურვო ამ ყველაფერში. ვიცი, რომ ამ მიზნით – ადამიანების უკანალები დაიცვან, საბოლოო ჯამში, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას მოიფიქრებენ. მათ განცხადებაში ასე იგრძნობოდა. მოგეხსენებათ, პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ და ყველაფერში ვითხოვთ მთავრობის დახმარებას, მაგრამ ეს ერთადერთი საკითხია, როცა ქართველ ხალხს მთავრობისთვის არ გვითხოვია დახმარება, არ გვითხოვია, დაგვეხმარეთ ჩვენი სხეულის ნაწილების დაცვაშიო. ასეთი არც თხოვნა და არც საარჩევნო დაპირება ყოფილა. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა მართლა ზრუნავდეს ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ პრობლემებზე, მოიგონეს არარსებული საჭიროების თემა – ქართველი ხალხის უკანალების დაცვა და შეუდგნენ ამ ფუნქციის განხორციელებას. ეს ცოტა სასაცილო მგონია, მაგრამ მთლად ირონიულიც არ არის. სავარაუდოდ, ამ მოტივით აპირებენ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. დავაკვირდებით, ჩვენ ყველაფერს ვაკვირდებით, თან ეს ისეთი პროცესია, ამ პროცესში ჩართული მთავრობა სულ სხვანაირად არის სანახავი“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.