“ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული გემის პარპაში, სტალინის ხატი ტაძარში, მიზნად ისახავს შუღლის გაღვივებას, დესტაბილიზაციის საფრთხის შექმნას”

22
spot_img

პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, 2023 წელი, რომელიც დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა.

„პარლამენტის ტრიბუნასთან დღეს ბოლოჯერ კი არ ვდგავარ, არამედ ამ ტრიბუნასთან პირველად ვდგავარ, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის პრეზიდენტი. ყველას გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ჩვენ ეს შევძელით. 2023 წელი, რომელიც ესოდენ დიდი მიღწევით და ახალი იმედით დასრულდა, გამოწვევების და სირთულეების გარეშე არ ყოფილა.

გამოწვევები შეეხო უსაფრთხოების სფეროს: უკრაინაში რუსეთის მიერ გაჩაღებული დაუნდობელი ომი გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინა ვერ გადატეხა, მეტიც ევროპის ერთიანობა და სოლიდარობა ვერ შეარყია და კიდევაც გააძლიერა. მიუხედავად წარუმატებლობისა, ან სწორედ ამის გამო, რუსეთმა საქართველოს მიმართ ჰიბრიდული ომის (ომი ომის გარეშე) ახალი იერიშები წამოიწყო, რისთვისაც ყველა ფორმასა და იარაღს იყენებს.

რუსეთის მიერ ოჩამჩირის პორტის სამხედრო ბაზად ქცევის გეგმა ემსახურება შავ ზღვაზე, ჩვენს ტერიტორიულ წყლებზე კონფრონტაციის გადატანას და ამით შავი ზღვის სტრატეგიული პერსპექტივისათვის საფრთხის შექმნას.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მობილიზაციის გამოცხადება, ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები (ოჩამჩირის პორტის, ბიჭვინთის სახელმწიფო რეზიდენციისა და სოხუმის ბაბუშერას აეროპორტის მიტაცება), ადამიანის უფლებების უგულებელყოფა, კულტურისა და იდენტობის განადგურება.

საოკუპაციო ხაზთან კი, გრძელდება მოსახლეობის მუდმივი დაშინება, შევიწროება, გატაცება და მკვლელობა. სახელმწიფოს მასშტაბით მიმდინარეობს ანტიდასავლური და ფსევდოერთმორწმუნეობის პროპაგანდა, პრორუსული ჯგუფების წახალისება/დაფინანსება, სახელმწიფო ინსტიტუტებზე კიბერშეტევების გახშირება – მინიშნება იმისა, თუ რას უნდა ველოდოთ არჩევნებისთვის. ჰიბრიდული ომის კატეგორიაში იწერება მასობრივი რუსული იმიგრაცია, რომელმაც ეკონომიკაზე პირდაპირი გავლენა იქონია და ჯამში გაზარდა ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ ფულსა და ბაზარზე, როგორც რუსული კაპიტალის წილი ქვეყანაში. ასევე, ჰიბრიდულ სტრატეგიას ეფუძნება მთელი რიგი სხვადასხვა პროვოკაციები: ფრენების აღდგენა, „ფეესბეს“ და სხვა მაღალჩინოსნების შეუფერხებელი შემოსვლა, რუსული საკრუიზო გემის პარპაში ბათუმში, სტალინის ხატი სამების ტაძარში… ეს ყოველივე მიზნად ისახავს, რომ საზოგადოებაში გაღვივდეს შუღლი, დაპირისპირება და შეიქმნას დესტაბილიზაციის საფრთხე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. სხდომას ესწრებიან პრემიერ-მინისტრობის და მინისტრობის კანდიდატები, საპატრიარქოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.