მიტროპოლიტი იოსები შემოქმედელი ნარიმან მაქარაშვილის, იგივე ბერი ნიკოლოზის შესახებ საუბრობს და იხსენებს ისტორიას, რატომ შეუჩერა მას კათოლიკოს-პატრიარქმ მღვდელმსახურება.იოსები შემოქმედელი ბერი ნიკოლოზის შესახებ აქამდე უცნობ ამბავს ჰყვება.
„სურს გამოვეხმაურო ბერ მამა ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის თემას, რომლის მრევლი აქტიურ პროპაგანდას ეწევა მთელს საქართველოში.
მე როგორც გურიის ანუ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, ბერ ნიკოლოზს (ნარიმან მაქარაშვილს) ალბათ ყველა სასულიერო პირზე კარგად ვიცნობ, რამეთუ მე და ის დიდი ხნის მანძილზე ვმსახურობდით სვეტიცხოველში.მსურს გაგიზიაროთ და გავიხსენო ის მცირე მოგონება, წლები, როდესაც მე და ბერი ნიკოლოზი ერთად ვმსახურობდით სვეტიცხოვლის საკათედრო საპატრიარქო ტაძარში.
1990 წელს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მაკურთხა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მორჩილად, ხოლო წინამძღვრად პატრიარქის მიერ დადგენილ იქნა დეკანოზი მამა დავითი (დათუაშვილი), იგივე ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი.
1991 წელს, ერთი წლის შემდეგ ქალაქ ბათუმიდან ჩამოვიდა და ბერ-მონაზვნური ცხოვრების სურვილი გამოთქვა ნარიმან მაქარაშვილმა, იგივე ბერმა ნიკოლოზმა. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია სულიერ თუ საერო ცხოვრებაზე, თუმცა ჩემი შეხედულებით ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ მას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა აღმოსავლური რელიგიებისა; კერძოდ, ბუდიზმის, კრიშნაიზმის და სხვა. მე იმედი მქონდა, რომ გაივლიდა წლები და იგი კარგად განისწავლებოდა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში, თუმცა, როგოც ჩანს, მან რაღაც ახალი მოძღვრება შექმნა და იგი დღითიდღე ყალიბდება, როგორც ახალი სექტა.
იგი ხშირად აცდენდა წირვა-ლოცვებს და მე როგორც წინამძღვარს სვეტიცხოვლისა, მიწევდა მის მაგივრად წირვის ჩატარება. თავიდანვე მამა ნიკოლოზი დიდ ინტერესს იჩენდა ასკეტური ცხოვრებისადმი. ასკეტური ცხოვრება, რა თქმა უნდა, მიღებულია მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში და მე ეს მომწონს, მაგრამ მისი ასკეტიზმი უფროდაუფრო ემსგავსებოდა ფანატიზმს, ხიბლს, რაც გამოიხატებოდა შემდეგში: მსურს გავიხსენო ერთ-ერთი ფაქტი, რის გამოც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მას შეუჩერა მღვდელმსახურება:
მამა ნიკოლოზი ხშირად მიმართავდა უკიდურეს ფორმას ასკეტიზმისა, რომელიც, როგორც ზემოთ ვახსენე, უმეტესად ახასიათებს აღმოსავლურ რელიგიებს: შიმშილი, წყლის არმიღება და სხვა. მე, როგორც იმდროისთვს არქიმანდრიტი, წინამძღვარი სვეტიცხოვლისა, ვეკითხებოდი მას, თუ რატომ შიმშილობდა იგი. მისი პასუხი იყო შემდეგი შინაარსის: ვინაიდან ვერ ვახდენ სასწაულებს, ვერ ვაცოცხლებ მკვდრებს, ვერ დავდივარ ფეხით წყალზე და ასე შემდეგ, ამიტომაც ვშიმშილობო (რათა სასწაულმოქმედი გავხდეო), ანუ ეძიებდა და ითხოვდა ღმერთისგან სასწაულის კეთების უნარს… ერთ დღეს სვეტიცხოველში ჩამობრძანდა კათოლიკოს- პატრიარქი ილია II, შეწუხებული მამა ნიკოლოზის გამო. პატრიარქმა მამაოს სთხოვა, შეეჭამა მცირეოდენი საჭმელი, რომელიც მისმა უწმინდესობამ თავისი ხელით გაუმზადა .მამა ნიკოლოზმა კი მტკიცე უარი უთხრა პატრიარქს მის მიწოდებულ დახეხილ სტაფილოზე: არა თქვენო უწმინდესობავ, მე შიმშილით ჭეშმარიტება უნდა გავარღვიოო. ბევრი საუბრის, ბევრი თხოვნის, ბევრი შეგონების მიუხედავად, მამა ნიკოლოზმა მაინც არ შეასრულა კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნა და მუდარა. მახსოვს მისი უწმინდესობის დამწუხრებული, სევდიანი სახე. იგი ვერაფერს გახდა და წავიდა მწუხარე. მეორე დღეს, ალბათ, დიდი ფიქრის შემდეგ, მისმა უწმინდესობამ დამიბარა და მაკურთხა, რომ მამა ნიკოლოზს ჯვარი ჩამოეხსნა. ამის შემდეგ, 1995 წლამდე, სანამ მე შემოქმედელი ეპისკოპოსი გავხდებოდი, ჩვენ ისევ ერთად ვცხოვრობდით. ღრმა პატივისცემის მიუხედავად, მე ალბათ უფრო ვემორჩილებოდი მას, ვიდრე იგი მე. მას აშკარად ეტყობოდა ხიბლი და თავის თავზე დიდი წარმოდგენა. შემდგომ, როდესაც ეპისკოპოსი გავხდი, ხშირად ვნახულობდი მას, ხშირდ ვჩუქნიდი თაფლს და სხვა, ასევე ვთხოვდი, წამოსულიყო ჩემთან ეპარქიაში და მისი სურვილისამებრ გავუშვებდი მონასტერში, მივხედავდი და ყოველმხრივ შევუწყობდი ხელს, თუმცა მან თბილისში დარჩენა არჩია. ერთ დღეს კი, ჩვეულებისამებრ, მე და ოთარ ნიკოლაიშვილი ვესტუმრეთ მას. მან დაიწყო საუბარი წმინდა სამების დოგმატზე და თქვა, რომ თუ იესო ქრისტე განკაცდა, რატომ არ შეიძლება მამა ღმერთი განკაცდესო, ხოდა მე ვარ ის მამა ღმერთიო. ესეთი მკრეხელობა და მწვალებლობა, სიმართლე გითხრათ, ჯერ არავის უთქვამს დედამიწაზე.
რამდენიმე წლის უკან მცხეთაში მივედით ისევ ოთარ ნიკოლაიშვილი და მე, მასთან, ნათხოვარ ბინაში. მივართვით თაფლი, თაფლზე მადლობა გადაგვიხადა, მაგრამ ჩვენ სახლში არ შეგვიშვა. ამის შემდეგ მე გადავწყვიტე აღარ მომენახულებია იგი არასოდეს, რადგანაც უფრო და უფრო მძიმე ცოდვაში არ ჩამეგდო. სამწუხარო იყო ჩემთვის კიდევ ის ფაქტი ,რომ მამა გაბრიელის წესის აგებაზე ის არ მოვიდა. მე მახსოვს მამა გაბრიელის სიტყვები მის მიმართ თქმული: მამა ნიკოლოზს ურჩობისთვის ღმერთმა გონება ახადაო. ამას დამემოწმება მამა გაბრიელის მომვლელი, მონაზონი დედა პარასკევა. – იხსენებს იოსები შემოქმედელი.