პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში კიდევ ერთ ალტერნატიულ კანონპროექტს წარადგენს

19
spot_img

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით კიდევ ერთი ალტერნატიული ინიციატივით გამოდის. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, „რუსული კანონის“ ინიცირებისთვის გამჭვირვალობა რეალურ მიზეზს არ წარმოადგენს, რადგან ხელისუფლებას ყველანაირი ინფორმაცია აქვს და ამას თავად ორგანიზაციებიც აქვეყნებენ.

„ჩვენი ცვლილებები უზრუნველყოფს საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას. ვიმეორებ, საჭიროზე მეტ გამჭვირვალობას და სრულიად უკარგავს აქტუალობას „ოცნების“ მიერ ინიცირებულ რუსულ კანონს. დღეს, როდესაც „ოცნება“ გვატყუებს და გამჭვირვალობის არგუმენტით აინიცირებს რუსულ კანონს, ჩვენი ცვლილებები მათ სრულად აცლის მსგავსი მანიპულირების სივრცეს და ამ ცრუ არგუმენტს.

ცვლილებები შედის „გრანტების შესახებ“ და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონებში. „გრანტების შესახებ“ კანონი არეგულირებს გრანტის მიღების პროცესსა და საფუძვლებს. აღნიშნულ კანონს ემატება შემდეგი – ნებისმიერი, როგორც ქართული, ასევე უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული გრანტის მიმღები ვალდებულია, შესაბამის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის წლიური ანგარიში საანგარიშო წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში. ასევე, წლიური ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გრანტის მიმღების მიერ საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული თითოეული გრანტის შესახებ, მათ შორის გრანტის გაცემის მიზანის, მოცულობის და სხვა ძირითადი მოთხოვნების შესახებ, რომელიც ასახულია საგრანტო ხელშეკრულებაში.

ამასთან, ანგარიშგებების წარდგენისა და ადმინისტრირების ცვლილებებით განსაზღვრულ ორგანოს წარმოადგენს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სამსახური, რომელიც დღეის მდგომარეობით, ისედაც იღებს არაკომერციული იურიდიული პირების ფინანსურ ანგარიშგებებს. ასევე, წარდგენილი ანგარიშგებები გამოქვეყნდება საჯაროდ. ცვლილებები არ ითვალისწინებს არანაირ რეგისტრაციას არანაირ რეესტრში და მით უმეტეს რაიმე იარლიყის მიწებებას ან გრანტის მიმღები ორგანიზაციების რაიმე ფორმით სახელდებას. მიდგომა არის საერთო ყველა გრანტის მიმღები იურიდიული პირისთვის. შეიძლება, გამონაკლისად დადგინდეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, სახელმწიფო გრანტის მიმღები და სხვა პირები მთავრობის დადგენილებით“, – განაცხადა ლილუაშვილმა.