პარლამენტთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

75
spot_img

საქართველოს პარლამენტის უკანა შესავლელთან სტუდენტური მოძრაობა „ნაბიჯის” წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენას. სამოქალაქო აქტივისტებს უჭირავთ ბანერები წარწერებით: „მშვიდობიანი რევოლუცია“, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, „ჩვენ ვართ ევროპა“.

„მთავარი მიზანია ის, რომ კიდევ ერთხელ ვუთხრათ ირაკლი ღარიბაშვილს და „ქართულ ოცნებას”, რომ ისინი არიან რუსები და ამ ქვეყანაში, ფაქტობრივად, პუტინის მთავრობას წარმოადგენენ, ასევე ვუთხრათ, ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომ მათ ნიღაბი ჩამოეხსნათ. საზოგადოებამ დაინახა, რომ ისინი დადგნენ პუტინის და რუსეთის მხარეს. სინამდვილეში, ისინი სიტყვა „რუსის” გამო ბრაზობენ არა იმიტომ, რომ რუსები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ კარგად იციან, მათ დაკარგეს ჩვენი ევროპული ამომრჩევლების ხმები და დარჩნენ რუსულ ხმებზე. წეღან მოხდა ინციდენტი, როდესაც „ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მგალობლიშვილი მოვიდა და თავის შვილის ტოლ აქტივისტებს აგინა და ასევე აგინა ჟურნალისტს. ასეთი საქციელის გამო ვეუბნებით, რომ ეს ადამიანები არიან რუსები“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ირაკლი ნადირაძემ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები იმყოფებიან.