“პარლამენტში სამუშაო შეხვედრას დავესწრები, გავიგებ, რა უნდათ, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას”

17
spot_img

ჯერ დავესწრები და გავიგებ, რა უნდათ, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.

პაატა მანჯგალაძის თქმით, აპირებენ, რომ ყველა ფორმატში ყველა შეხვედრაზე დაესწრონ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ცალკეული მიმართულებით მომზადებული გვაქვს ინიციატივები, ინიცირებულიც გვაქვს. „ქართული ოცნება“ არ იხილავდა ამას. ახლა შესვლა-არშესვლაზე დისკუსიის გაცვლა არ გვინდა, გვსურს, დისკუსია გავმართოთ შინაარსთან დაკავშირებით, რატომ არ იქმნება ქვეყანაში სამუშაო ადგილები, რატომ არ არის ღირსეული სამსახური საქართველოს მოქალაქისთვის. ამ საკითხებზე ვაპირებთ დისკუსიების გამართვას „ქართულ ოცნებასთან“ და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებასთან“. გვინდა, პოზიტიური დღის წესრიგი შევქმნათ ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში. ჯერ დავესწრები და გავიგებ, რა უნდათ, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას. მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, ყველა ფორმატში, ყველა შეხვედრას დავესწროთ, მაგრამ თუ მოწინააღმდეგეს სამუშაო ფორმატის ნაცვლად, სურს, ცხრაპუნქტიანი რეკომენდაცია ახალ საბოტაჟად გამოიყენოს, ამაში არ გამოვადგებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.