პარლამენტში 6 თებერვალს პრეზიდენტი მივა, მომავალ კვირას იგეგმება განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებაც

28
spot_img

მომავალ კვირას – 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას მოისმენს. აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის სტატუსით პარლამენტის წინაშე ბოლო მოხსენებით წარდგება.

სავარაუდოდ, მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება ახალი შემადგენლობის მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხიც, რა პროცესიც ჯერ პარლამენტის კომიტეტებში, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე წარიმართება.

ამასთან, რეგლამენტის თანახმად, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში პარლამენტის თავმჯდომარის ყოველწლიურ ანგარიშს ისმენს. წინასწარი ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილის მოსმენა 7 თებერვალს იგეგმებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით, პაპუაშვილი პარლამენტის საქმიანობის შესახებ ანგარიშს თებერვლის მეორე სასესიო კვირაში წარადგენს.

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველი კვირის სხდომების დღის წესრიგზე საბოლოო გადაწყვეტილებას ბიურო მიიღებს.