პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო

19
spot_img

პარლამენტმა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით, 77 ხმით მიიღო. სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტის წევრებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარუდგინა.

ცვლილების თანახმად, კანონპროექტით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის კონკრეტული თანამდებობრივი სარგოს კანონით განსაზღვრულ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანა ხდება. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობის პირების ანაზღაურება განისაზღვრება იმ კოეფიციენტების საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, რომელიც კანონით არის განსაზღვრული. ამასთანავე, არ ხდება ზედა ზღვრის კოეფიციენტების ცვლილება.

საკანონმდებლო ცვლილებით წესრიგდება შემდეგი პოლიტიკური თანამდებობის პირების ანაზღაურების წესი: საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის და მთავრობის თავმჯდომარის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის, მინისტრის/სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის და უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის და მინისტრის პირველი მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტის/ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილის და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის.

მომხსენებლის განცხადებით, გასულ წელს, ამ კოეფიციენტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, პარლამენტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რაც აღნიშნულ კოეფიციენტებთან საპარლამენტო თანამდებობის პირების სახელფასო სარგოების შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად. ​ახლა მნიშვნელოვანია, რომ იგივე სტანდარტი გავრცელდეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ასევე სახალხო დამცველისა და გენერალური აუდიტორის მიმართ.

კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილება შედის ასევე „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში და „აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.