პარლამენტის ყოფილ წევრებს პარლამენტის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აეკრძალებათ

139
spot_img

პარლამენტის ყოფილ წევრებს პარლამენტის შენობაში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აღარ ექნებათ, – ეს ერთ-ერთია იმ მთელ რიგ ცვლილებათა შორის, რომლის შეტანაც პარლამენტის რეგლამენტში იგეგმება.

მოქმედ რეგლამენტში არსებობს მუხლი, რომლის მიხედვით, ყოფილ დეპუტატს პარლამენტის შენობაში შესვლა – მომდევნო ერთი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების პერიოდში – დაუბრკოლებლად შეუძლია. რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით კი, კანონიდან აღნიშნული ჩანაწერი ამოდის.

ამავე პროექტით გათვალისწინებულია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით უზრუნველყოფა, რითაც პარლამენტის ვიცე-სპიკერი სარგებლობს. რეგლამენტში კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სარგებლობს.

„აღნიშნული ცვლილებები პარლამენტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას იქონიებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გასამრჯელო ამჟამად იმ პარლამენტის წევრის გასამრჯელოს უთანაბრდება, რომელიც პარლამენტის თანამდებობის პირი არ არის, ხოლო რეგლამენტით გათვალისწინებული ცვლილების შესაბამისად მისი ანაზღაურება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის გასამრჯელოს გაუთანაბრდება, რა შემთხვევაშიც სხვაობა 1 716 ლარს შეადგენს. ასევე, უმრავლესობის ლიდერი იმ გარანტიებით ისარგებლებს (სამუშაო ფართობი, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რითაც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სარგებლობს. გარდა აღნიშნულისა, რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის სამდივნოს შექმნა გამოიწვევს ხარჯების ზრდას, რაც დამოკიდებული იქნება სამდივნოში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეებისა და მათი შრომის ანაზღაურების ოდენობაზე, ასევე მათთვის საჭირო სამუშაო პირობებით უზრუნველყოფაზე.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტის პროექტის მიღება მოქმედი უმრავლესობის ლიდერისათვის ფინანსურ შედეგებს არ გამოიწვევს, რადგან რეგლამენტის თანახმად, უმრავლესობის მოქმედი ლიდერი, როგორც წინა მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, აღნიშნული გარანტიებით ისედაც უზრუნველყოფილია.

შესაბამისად, დღეს მოქმედ თანამდებობებზე მყოფ პირებთან მიმართებით ფინანსური შედეგები უცვლელი რჩება და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ზრდას არ იწვევს“, – ვკითხულობთ რეგლამენტის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

ცნობისთვის, რეგლამენტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საპარლამენტო თანამდებობა არ არის.

რეგლამენტის პროექტის ავტორი და ინიციატორი არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ქადაგიშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, გიორგი კახიანი და გრეტა წიწავა.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.