ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია, – ასე უპასუხა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ სამუშაო ჯგუფების შექმნის თემაზე დასმულ კითხვას.
კორძაიას თქმით, პარლამენტის კომიტეტებზეც გამოჩნდება, თუ რამდენად მზად არის მმართველი პარტია რეალური ცვლილებებისთვის და განსხვავებული მოსაზრებების გაზიარებისთვის.
“მე წინა სამუშაო ჯგუფებში ვმონაწილეობდი და შევუერთდები ნებისმიერ სამუშაო ჯგუფს, რომელიც ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხება. იქნება საკომიტეტო თუ არასაკომიტეტო ფორმატი, ხელისუფლებამ უნდა მოისმინოს არამხოლოდ ოპოზიციის, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირის პოზიცია.
ევროპული ღირებულებაა გადაწყვეტილების მიღება მაქსიმალური ჩართულობით, რაც ყველას მოსმენას და ყველას არგუმენტირებული პოზიციის გაზიარებას ნიშნავს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.