დასავლურ და განსაკუთრებით ამერიკულ პრესაში აქტიურად განიხილება 25 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერად რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის მაიკ ჯონსონის არჩევა, რომელიც ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერიც არის.
ამერიკულ გაზეთ The Hill-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პალატამ სპიკერი აირჩია – პალატაში და რესპუბლიკურ პარტიაში ქაოსი დასრულდა“ (ავტორები – მაიკლ შელი და ემილი ბრუქსი).
გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:
ოთხშაბათს, როგორც იქნა, მეოთხე მცდელობის შედეგად, წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 51 წლის რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი იქნა არჩეული, ლუიზიანის შტატიდან. მას მხარი ყველა თანაპარტიელმა დაუჭირა. ამით ამერიკული საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატაში ქაოსი დასრულდა, რომელიც წინა სპიკერის კევინ მაკარტის სკანდალური გადადგომით იყო გამოწვეული.
მაიკ ჯონსონს აშშ-ის კონგრესის წევრად 2017 წლიდან ვხედავთ, მანამდე კი იგი ლუიზიანას შტატში ჯერ ადვოკატად მუშაობდა, შემდეგ კი ადგილობრივი ხელისუფლების მრჩევლად.
მაგრამ ახალი სპიკერის არჩევა არ ნიშნავს იმას, რომ წარმომადგენელთა პალატაში ყველაფერი დამშვიდდა – წინ მაიკ ჯონსონს მნიშვნელოვანი გამოცდები ელოდება. პირველ რიგში ის, რომ კონგრესმა 17 ნოემბრამდე აშშ-ის სახელმწიფო ფედერალური ბიუჯეტი უნდა მიიღოს, ახალი საფინანსო წლის დაწყების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში მთავრობას ისევ „შატდაუნი“ დაემუქრება. მეორე – თეთრი სახლი ითხოვს, რომ უკრაინისა და ისრაელის მხარდასაჭერად დამატებით 100 მილიარდი დოლარი იქნას გამოყოფილი.
აღსანიშნავია, რომ თვითონ მაიკ ჯონსონი უკრაინისათვის დახმარების გაწევის საქმეში საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი, თუმცა მზადყოფნას გამოხატავს პრობლემატური საკითხების მოგვარებისათვის.